თბილისში, ორთაჭალაში ექვსი წლის ნანუკა მეზვრიშვილს ყველა იცნობს. ნანუკა საქართველოში ყველაზე პატარა ფერმერია. მის ფერმაში 10 ციკანი და 6 დიდი თხა ცხოვრობს. ნანუკას თხებს ბევრი სეირნობა, თამაში და მოფერება უყვართ. ეს ნანუკასთვისაც სასიამოვნო პროცესია. პატარა ფერმერს ცხოვრებაში დიდი მიზნები აქვს, როცა გაიზრდება, სურს მსოფლიოში საუკეთესო ფერმა ქონდეს.
- ნანუკა, რამდენი თხა გყავს და როგორ იწყება შენი დილა?
- ახლა 10 ციკანი და 6 დიდი თხა მყავს. ჩემი დილა იწყება თიკნებთან გასვლით და მათი მოვლით. ვდგები ცხრა საათისთვის და ვიწყებ მათზე ზრუნვას, გამყავს მეზობელ ბაღებში, რომ გემრიელად მიირთვან მწვანე ბალახი. ვდგავარ იქვე, რომ ძაღლმა არ შეაშინოს და მერე ვაბრუნებ სახლში.- ვის გაუჩნდა იდეა, რომ თხები გყოლოდათ?
- თურმე, როცა მე დავიბადე ჩემს ნანა ბებიას უნდოდა ჩემი თხის რძით გაზრდა და იყიდეს თხა, თავისი პატარა ბეკეკოთი. ასე დაიწყო ჩემმა ოჯახმა თხების გამრავლება.- როგორი მოვლა უნდა თხებს?
-თხები უნდა იყვნენ სუფთები, უნდა ჭამონ ბევრი, უნდათ სეირნობა, უყვართ მოფერება და ბევრი თამაში.- პატარა გოგოსთვის ეს ყველაფერი რთული არ არის?
- მე არ მიჭირს, თუ გამიჭირდება, ბებო და პაპა მეხმარებიან. ჯერჯერობით ბევრ რამეს მარტო ვერ ვაკეთებ.- თხის მოწველა თუ იცი?
- თხის მოწველა ნანა ბებომ მასწავლა, მაგრამ ბევრს ვერ ვწველი, ხელი მეღლება. როცა გავიზრდები, მერე მოვწველი ყველას. მეხალისება, მაგრამ ცოტა ხნით.- შენი თხები არ გეურჩებიან?
- ზოგიერთი მოწველის დროს მეურჩება და ვერ ვწველი. ორი თხაა, რომლებიც მიჯერებენ და მაწველინებენ. ციკნებიდან ყველაზე დამჯერი ჩემი საყვარელი ციცქნაა. ყველაზე პატარა დაიბადა და ხელში გავზარდე, ამიტომ ძალიან ვუყვარვარ და ყველაფერს მიჯერებს. ყველაზე ჯიუტი ალპურია, ცნობილმა ფერმერმა ლია დემეტრაშვილმა გვაჩუქა საჯიშედ, სახელიც მაგიტომ შემორჩა და ალპურს ვეძახით. ალპური ძალიან ჯიუტია. ჩვენს ფერმაში მას ყველაზე კარგი წარმომავლობა აქვს და თითქოს ამას გრძნობს, სხვა თხებთან ერთად არ თამაშობს, მარტო ყოფნა უყვარს. თითქოს მათ თავს არ უყადრებს.- თხებთან ერთად შენ თუ თამაშობ?
- დიახ, მე სულ მათთან ვარ და ერთად ვთამაშობთ. იცი, სახელები მე დავარქვი. ციცქნას იმიტომ დავარქვი ციცქნა, რომ ყველაზე პატარა იყო. ბატკანს იმიტომ დავარქვი ბატკანი, რომ ბატკანივით გრძელი ბეწვი ქონდა და ყურებიც ბატკანისას მიუგავდა. ნაცარას ნაცარა იმიტომ დავარქვი, რომ ნაცრისფერდება დედამისივით. ყველასთან ვმეგობრობ, მაგრამ გამორჩეულად ისინი მიყვარს, რომლებიც არ მეურჩებიან. დიდებიდან ციკციკი და ქუცი მიყვარს, პატარებიდან ყველაზე ძალიან - ციცქნა და ნაცარა. ნაცარაც იმიტომ მიყვარს ყველაზე ძალიან, რომ ცუდად იყო. გვეგონა მოკვდებოდა, მაგრამ ნანა ბებომ წამლები მოუტანა, ნემსებიც გავუკეთეთ, მეც ვეხმარებოდი და გადავარჩინეთ, ამიტომ მიყვარს ისინი ყველაზე მეტად.- რა იცი თხების შესახებ? რა სასარგებლო თვისებები გააჩნია თხის რძეს?
- თხები ძალიან კარგი ცხოველები არიან, ერთგულები და მოსიყვარულეები. ჩვენ ერთი პერიოდი ლია დემეტრაშვილთან წავიყვანეთ ჩვენი თხები, მაგრამ უჩვენოდ ვერ გაძლეს. საჭმელი არ ჭამეს, გახდნენ. შეგვეშინდა არ მომკვდარიყვნენ და 19 დღის მერე უკან დავაბრუნეთ სახლში. თხის რძე ძალიან სასარგებლოა. მე ხუთი თვიდან გავიზარდე თხის რძით. ჩემი ძმა კი სამი კვირიდან სულ თხის რძეს სვამდა და ძალიან ჯანმრთელები ვართ.- სექტემბერში პირველად წახვალ სკოლაში. თხებისთვის ნაკლები დრო დაგრჩება. როგორ შეუთავსებ სწავლას და ფერმერობას ერთმანეთს?
- დიახ, სექტემბერში სკოლაში მივდივარ, მანამდე ჩვენი ფერმა უკვე სოფელში გადავა და შაბათ-კვირას ვივლი მათ სანახავად და კიდევ - დასვენებები რომ მექნება, მაშინ. კი მომენატრებიან, მაგრამ უნდა მოვითმინო.- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს, რომ გაიზრდები ვინ უნდა გამოხვიდე და რაზე ოცნებობ?
- მინდა, მსოფლიოში ყველაზე მაგარი ფერმა მქონდეს. მინდა მყავდეს ბევრი კარგი ჯიშის თხა. კარგი ცხენი მინდა მყავდეს, ფისოც, რომ თაგვმა ქერი არ შემიჭამოს. მინდა გამოვიდე ვეტექიმი, იმიტომ, რომ მეცოდებიან ცხოველები, რომლებიც ცუდად არიან. მინდა მათ ვუმკურნალო, რომ კარგად გახდნენ. მინდა ჩემი ოცნება მალე ახდეს და საუკეთესო ფერმა მქონდეს.მერი ბლიაძე
წყარო: shin.ge