"რეზონანსი": 3-4 თვეში ბინები კიდევ გაძვირდება

2017 წლის 1-ლი ივლისიდან ლარში ფასდადების პროგრამა ამოქმედდა, თუმცა სხვადასხვა საიტზე უძრავი ქონების ღირებულება მაინც დოლარშია მითითებული.

მათი დიდი ნაწილი ეს იმ მეწარმეებისა და ფიზიკური პირების განცხადებებია, რომლებსაც თავიდანვე ეძლევათ უფლება, საკუთარი ქონება უცხოურ ვალუტაში გაყიდონ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ უძრავი ქონების სპეციალისტებს არ სჯერათ ლარიზაციის და მიიჩნევენ, რომ პროგრამა ვერ გამოიღებს დადებით შედეგს ბინების ლარში გაყიდვით მისი ფასი გაიზრდება, რადგან ეროვნული ვალუტის სტაბილურობის იმედი არავის აქვს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ლარის კურსი ხანდახან დღეში რამდენიმე პუნქტით იცვლება, ამიტომ ბინის მფლობელებმა, თავის დაზღვევის მიზნით, უძრავი ქონების ფასი უფრო მეტად გაზარდეს. როგორც უძრავი ქონების ბიზნესით დაკავებული ადამიანები ამბობენ, საშუალოფასიანი ბინები დედაქალაქში, დაახლოებით 8 000 ლარით გაძვირდება, რაც რეალიზაციას შეამცირებს. ამით დაზარალდება როგორც გამყიდველი, ასევე მყიდველიც.

"რეზონანსი" საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, რამდენად გაამართლებს ლარიზაციის პროგრამა მაშინ, როდესაც უძრავი ქონების ფასდადება მეწარმეებს დოლარში, ხოლო ფიზიკურ პირებს ლარში უწევთ. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ფიზიკური პირისთვისაც უფრო სარგებლიანი იქნება უძრავი ქონების ლარით შეთავაზება, რომ მყიდველმა მისი ფასი შეადაროს მეწარმეების მიერ შეთავაზებულ ფასს.

"პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ უძრავი ქონება არის ლარის აქტივი, მშენებლობის ხარჯის ძირითადი ნაწილი ეროვნული ვალუტით სრულდება. მიუხედავად ამისა, დღეისათვის უძრავი ქონების შეფასება ხდება აშშ დოლარით, რაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევის შედეგია. ასეთი მოცემულობა ხელს უშლის ბაზრის მოქნილობას და ზრდის რისკს.

როდესაც გაცვლითი კურსი მნიშვნელოვნად იცვლება, ბაზარზე წარმოიქმნება გაურკვევლობა და შედეგად ტრანზაქციები ჩერდება, ვიდრე უცხოური ვალუტით გამოხატული ფასი გაცვლითი კურსის შესაბამისად შესწორდება, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.

თუკი დეველოპერული კომპანიები და უძრავი ქონების სააგენტოები ფასს ლარით გამოაცხადებენ, ბაზარზე უფრო მეტი შეთავაზება იქნება ეროვნულ ვალუტაში და შესაბამისად შედარების საშუალებაც გაჩნდება. შედეგად, ფიზიკური პირისთვისაც უფრო სასარგებლო იქნება უძრავი ქონების ლარით შეთავაზება, რომ მყიდველმა მისი ფასი შეადაროს მეწარმეების მიერ შეთავაზებულ ფასს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ხელს შეუწყობს მთლიანად უძრავი ქონების ბაზრის ლარით ფასდადებაზე გადასვლას, რაც გაზრდის მის ეფექტიანობას", -  აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მიუხედავად იმისა, რომ ახალ რეგულაციას წინ უძღოდა საინფორმაციო კამპანია, დარღვევის 108 შემთხვევა უკვე გამოვლინდა. პრობლემა, ძირითადად, გამოვლინდა სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელ პირებსა და ტუროპერატორებთან.

კანონის მიხედვით, დარღვევის პირველად აღმოჩენის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი არ ჯარიმდება და მხოლოდ გაფრთხილება ეძლევა. დარღვევის მეორედ აღმოჩენის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი 1 000 ლარით ჯარიმდება, მესამე ჯერზე კი - 5 000 ლარით.

უძრავი ქონების სააგენტო "კიბის" დირექტორ ნელი გოგუაძის თქმით, უძრავი ქონების ლარში ფასწარმოქმნამ ბინები უკვე გააძვირა. ფიზიკურ პირებს ფასის შეთანხმების კუთხით გარკვეული პრობლემა შეექმნა. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ლარიზაციისკენ მიმართული პროგრამა დადებით შედეგს ვერ გამოიღებს.

"ერთი მხრივ, კარგია ბინების ეროვნულ ვალუტაში გაყიდვა, მაგრამ ქონების ფასის ლარში გადაყვანას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. როდესაც რეკავენ და ვეუბნებით, რომ ფასდადება აუცილებლად ლარში უნდა მოხდეს, გაუგებრობას ვაწყდებით. გვთანხმდებიან გალარებაზე, მაგრამ სტაბილურ ფასზე ვერ ვთანხმდებით. გაყიდვის დღეს რა კურსი იქნება, ამაზე პასუხი არცერთ მხარეს არ აქვს და ხშირ შემთხვევაში გაურკვევლობაა.

შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების ლარში ფასდადებამ ბინები გააძვირა, პარალელურად კი მოთხოვნა შემცირდა. პროგრამა ახალი დაწყებულია და რამდენად გაამართლებს, ამას 3 თვის შემდეგ ვნახავთ. ვფიქრობ, რეალური სურათის დანახვა ამ დროისთვის უკვე შესაძლებელი იქნება", - განუცხადა "რეზონანსს" გოგუაძემ.

ლარიზაციის შემდეგ უძრავი ქონების გაძვირებაზე საუბრობს ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელი მერი ბიწაძეც. მისი თქმით, რამდენიმე თვეში ბინების ფასი დაახლოებით 10%-მდე მოიმატებს, დღეს კი, მცირე სხვაობაა, მაგრამ უკვე შესამჩნევი. ბიწაძის თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე იმდენად გაურკვეველი მდგომარეობაა, ლარიზაციის პროგრამის გამართულობაში ეჭვი შეაქვს.

"უძრავი ქონება მეტ-ნაკლებად გაძვირდა. ეს იმიტომ ხდება, რომ მეწარმეები ჯერ კიდევ არ არიან ბოლომდე გარკვული და უჭირთ ახალ რეალობასთან შეგუება. ეს არც არის გასაკვირი, თითქმის ორი ათეული წელია, რაც უძრავი ქონების ბაზარზე ვარ და არ მახსენდება შემთხვევა, რომ ვინმეს ბინა ლარში გაეყიდა.

ვფიქრობ, პროგრამა ვერ გაამართლებს, მივიღებთ გაძვირებულ უძრავ ქონებას. ყველა ცდილობს, ლარში ფასი გაზარდოს. ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, უახლოეს 3-4 თვეში დახალოებით 10%-მდე მოიმატებს ღირებულება. მცირე სხვაობა უკვე შესამჩნევია", - აღნიშნა მერი ბიწაძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"