ივნისში, აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტი ვიზიტორი ესტუმრა.
როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან იუწყებიან, ცენტრების მომსახურებით რეგიონის მასშტაბით 10 808-მა ადამიანმა ისარგებლა. ჯამში კი, 2017 წლის იანვარ-ივნისში ცენტრებს 25 517 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასულ წელთან შედარებით 11%-იან მატებას გულისხმობს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორების უმრავლესობას ძირითადად პოლონელი, უკრაინელი, რუსი, თურქი და ისრაელელი ტურისტები წარმოადგენენ.
”ისინი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობებით და რეგიონში არსებული გასართობი ტურისტული ობიექტებით ინტერესდებიან. განსაკუთრებით, კი ყურადღებას მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე ამახვილებენ. წინა წელთან შედარებით, გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა მთიანი აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშიც. გასული წლის ექვს თვესთან შედარებით, ცენტრებში ტურისტების მიმართვიანობა 86%-ითაა გაზრდილი”, - განმარტავენ დეპარტამენტში.
მათივე ინფორმაციით, ზაფხულში ტურისტებს აჭარაში ჯამში 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი ემსახურება. ისინი ბათუმსა და ყველა მუნიციპალიტეტშია განლაგებული, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების, მთიანი აჭარის ტურების, გასართობი ტურისტული ობიექტებისა თუ ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.
აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მეცხრე ცენტრი წელს ”ბათუმი ცენტრალში” გახსნა. საბაგიროსა და ბათუმის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრები 24 საათის განმავლობაში ემსახურება ვიზიტორებს, რკინიგზის სადგურში გახსნილი ახალი ცენტრი კი, ღამის რეისების დროსაც მუშაობს. ცენტრებში მოქმედებს ცხელი ხაზიც - 577909093.