მთავრობა გეგმავს ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტად აქციოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის ზღვისპირა ზოლის ათვისებასთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმებზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ, დავით ნარმანიასთან ერთად ანაკლიის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. ღარიბაშვილის განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, თანმიმდევრულად უნდა შესრულდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები, შემდეგ კი დაიგეგმოს და მოეწყოს ინფრასტრუქტურა.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზღვისპირა ზოლის ათვისება და განვითარება აფხაზეთთან ახლოს ხდება. ამ ადგილების განაშენიანება, საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ინფრასტუქტურა და ზოგადად პროგრესი, არ შეიძლება, საინტერესო არ იყოს ჩვენი აფხაზი ძმებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტად იქცევა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობის დავალებით, ამ მიმართულებით, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონური კომპანიები დეტალურ კვლევას ატარებენ.

პრემიერის ინფორმაციით, უკვე არსებობს ახალი პორტის რამდენიმე პროექტი, რომელთა დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების მოსაზიდად "საპარტნიორო ფონდი" მუშაობს. ანაკლიის პორტში ლოჯისტიკური და ინდუსტრიული ზონების განვითარება; საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და თხევადი გაზის ტერმინალის გაკეთება იგეგმება.

ანაკლიაში, პორტთან ახლოს საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შესახებ განცხადება დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომაც გაავრცელა.

" საერთაშორისო აეროპორტის აშენება პორტთან ახლოს არის დაგეგმილი. მას ექნება განსაკუთრებული შესაძლებლობები სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და აეროპორტის მშენებლობა ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთნაკადის ზრდასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სერიოზულ განვითარებას. ანაკლიაში პორტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სამშენებლო კვლევებს საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიები აწარმოებენ", - ნათქვამია განცხადებაში.