400-500 ათასი აირბალონიანი ავტომობილიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 1 000-მდე მანქანაა შემოწმებული

საქართველში ამ დროისთვის გაზზე მომუშავე 1 000 მანქანამდეა შემოწმებული მაშინ, როცა არაოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 400-500 ათასი ავტომობილია ბუნებრივ აირზე გადაყვანილი.

ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ იმ კომპანიებში განუცხადეს, რომელთაც აირბალონიანი ავტომობილების ინსპექტირების უფლება აქვს. ასეთი კი ორია - შპს „აირბალონი“ და შპს „ფაბერი“.

აირბალონიანი ავტომობილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე დადგენილება მთავრობამ 2014 წელს მიიღო. თუმცა, მისი ამოქმედების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო რედაქციით, ინსპექტირების ვადა ავტომობილების წლოვანების მიხედვით არის განსაზღვრული. კერძოდ, 20 და მეტი წლის ავტოტრანსპორტს ტექდათვალიერება მიმდინარე წლის 1 ივლისამდე უნდა გაევლო; 17 - 19 წლის ავტომობილებმა 2018 წლის 1 იანვრამდე უნდა გაირონ; 14 - 16 წლის მანქანების ინსპექტირების ბოლო ვადაა - 2018 წლის 1 ივლისი; 11 - 13 წლის ავტომანქანებზე - 2019 წლის 1 იანვარი; ხოლო 1 - 10 წლის ავტომობილებმა ინსპექტირება 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა გაიარონ.

როგორც „აირბალონის“ დირექტორმა ნონა ქართველიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მანქანების ასაკის მიხედვით დაყოფა არასწორია, რადგან შეიძლება მანქანა ახალი იყოს, თუმცა მეორადი ბალონი ჰქონდეს დამონტაჟებული.

„როდესაც ავტომობილი მოდის, მე ვამოწმებ არა მის ასაკს, არამედ ბალონის ვადიანობას, რომელიც 15-20 წელს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, ისეთი ავტომობილებიც მოსულა შემოწმებისთვის, რომელთა ბალონების ვადიანობა 40 წელი და მეტი ყოფილა. ამ კუთხით კორექტირებაა საჭირო, თუმცა, დღემდე ვერ მივაგენი, ვინ დაწერა და ვინ არის ამ ბრძანების შესრულებაზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტროში,“- აღნიშნა ქართველიშვილმა.

როგორც აირბალონიანი ავტომობილების ინსპექტირების კომპანიებში აცხადებენ, იმისათვის, რომ ავტომობილმა ტექდათვალიერება გაიაროს, რამდენიმე სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. მათ შორის, ბალონის დამტენი უნდა იყოს საბარგულის გარეთ, ამასთან, ბალონის მილები (შლანგი) უნდა იყოს სპეციალურ მილში ჩასმული, რათა გაჟონვის შემთხვევაში გაზი ავტომანქანაში არ დაგროვდეს, სალტეები, რითიც ბალონია დამაგრებული, ასევე გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს - მისი სიგანე არანაკლებ მილიმეტრ ნახევარი, ხოლო სიგანე - 4 სმ უნდა იყოს.

თუმცა, კომპანიების ცნობით, ამ სტანდარტებს ფაქტობრივად, 100 მანქანიდან 100 ვერ აკმაყოფილებს. ნონა ქართველიშვილის თქმით, ფაქტობრივად, ყველა ბალონი ჯერ კიდევ ძველი, რუსული სტანდარტით მონტაჟდება და გადაკეთებას საჭიროებს.

„100-დან 100 ავტომობილი ფაქტობრივად სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, უბედურება ის არის, რომ არ არსებობს პირი, ვისაც შეიძლება პასუხი მოსთხოვო ბალონის არასწორი მონტაჟის გამო. როდესაც ჩვენ გავიარეთ აკრედიტაცია, მაშინ მოვითხოვე, მემონტაჟეებს რატომ არ სთხოვენ იგივეს. თუმცა, მიპასუხეს რომ მემონტაჟეებს სერტიფიცირება არ სჭირდებათ“,-აცხადებს ქართველიშვილი.

შპს „ფაბერის“ დირექტორმა გიორგი შიოშვილმა კი „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, რომ მათთან მისული 300-მდე ავტომობილიდან 60%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა. რისი მთავარი მიზეზიც აირბალონის სიძველე იყო.

რაც შეეხება ღირებულებას, ტექდათვალიერების საბუთის აღება მძღოლებს 130 ლარი უჯდებათ. საბუთი ძირითადად 3 წლით გაიცემა. გამონაკლისია იტალიური ბალონები, რომლის დამონტაჟების შემთხვევაშიც ტექდათვალიერების საბუთს 5 წლიანი ვადა აქვს. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი ავტომობილი ხელმეორედ უნდა შემოწმდეს.

„აირბალონსა“ და „“ფაბერში“ კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობენ, მათი ცნობით, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძღოლების დაჯარიმება 2018 წლის იანვრამდე არ მოხდება, მათთან მიმართვიანობამ იკლო.

„ივნისის ბოლო დღეებში თუ დღეში 100-150 მანქანა მოდიოდა, ახლა 10-15 ავტომობილი მოდის შესამოწმებლად. ყველა 1 იანვარს ელოდება, რაც არასწორია,“ - აღნიშნავენ კომპანიებში.

რაც შეეხება, ავტომობილების ინსპექტირების კომპანიებს, მათ სპეციალური აკრედიტაცია სჭირდებათ, რომელსაც აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ანიჭებს. როგორც ცენტრში, „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, დღემდე მათთან 9 განცხადებაა შესული, აქედან ინსპექტირების უფლება მიენიჭა 3 კომპანიას, „აირბალონს“, „ფაბერსა“ და „გაზუნივერსალს“, თუმცა ამ უკანასკნელს, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარე წლის მაისში აკრედიტაცია შეუჩერდა. დანარჩენი 6 განცხადება კი ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. შესაბამისად, ამ ეტაპზე აირბალონიანი ავტომობილების ინსპექტირების უფლება მხოლოდ 2 კომპანიას „აირბალონსა“ და „ფაბერს“ აქვს.

ცენტრის ცნობითვე, აკრედიტაციის მოწმობა 4 წლით გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ყოველი წლის თავზე კომპანიები გეგმიური მონიტორინგის შემოწმებას გაივლიან და 1 წლიანი მუშაობის შედეგებს მიაწვდიან ცენტრს. მსგავსი ანგარიში წარდგენა „აირბალონს“ დაახლოებით მიმდინარე წლის აგვისტოში, „ფაბერს“ კი წლის ბოლოს უწევს.

თაია არდოტელი