საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 6 თვეში შეადგინა 5 315,0 მლნ ლარი, რაც 6 თვის გეგმის 95%, ხოლო წლიური გეგმის 46,6%-ია.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, გასული წლის 6 თვესთან შედარებით გაწეული ხარჯი 13,4%-ით მეტია (629,8 მლნ ლარი), ხოლო კაპიტალური ხარჯები გაზრდილია 41,3%-ით (266,3 მლნ ლარი).
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების 100%-იანი მაჩვენებელი. 6 თვეში სამინისტროს მიერ გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 582,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 223,7 მლნ ლარით (62,4%-ით) მეტია, ხოლო 2017 წლის წლიური გეგმის 46,3%-ია,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში გასულ წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი შემცირებულია 27,7 მლნ ლარით. მუნიციპალიტეტების ჩათვლით შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი შემცირებულია 36,0 მლნ ლარით.
აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.