ბაზარზე "იანდექს ტაქსის" გააქტიურების გამო, კომპანია  taxi 5 დაიხურა

ტაქსების გამოძახების კომპანია taxi 5 დაიხურა.

როგორც ტაქსის კომპანიის დირექტორმა ლევან თავართქილაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, დაახლოებით, 1 თვეა კომპანიამ ფუნქციონირება შეწყვიტა, რისი მიზეზიც ბაზარზე „იანდექსის“ არსებობა გახდა.

„დიდ ზარალზე გავდიოდი და გადავწყვიტე დამეკეტა. ვეღარ გავუძელით „იანდექსის“ შემოტევას. 30 თანამშრომლიდან ბოლოს 4 თანამშრომელი დამრჩა. მძღოლების 98%-მა "იანდექსში" დაიწყო მუშაობა. იმხელა ფულს აკეთებდნენ, დღეში 100 ლარს ფულს აღარ ეძახდნენ და ჩვენთან შემოსულ 3-ლარიან ზარს აღარ აკავებდნენ, შესაბამისად, როცა ტაქსი არ მიდიოდა, მგზავრებიც აღარ რეკავდნენ“, - აღნიშნა თავართქილაძემ.

რუსული კომპანია „იანდექსი“ საქართველოში 2016 წლის აგვისტოდან გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქართულმა ტაქსის კომპანიებმა „იანდექსი“ დაბალი ფასების გამო დემპინგშიც დაადანაშაულეს და კონკურენციის სააგენტოსაც მიმართეს საჩივრით.