„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის პორტის წინასწარი დიზაინი მთავრობას წარუდგინა.
როგორ ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” იუწყება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დიზაინის მომზადება კიდევ ერთი საკვანძო ეტაპია, რომელიც კონსორციუმმა პორტის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დაასრულა.
პროექტი მოიცავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის დაგეგმარებას, რომელიც დაახლოებით 110 ჰექტარზე გავრცელდება. იგი შედგენილია როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ნაწილების მშენებლობისთვის; წინასწარი დიზაინის დოკუმენტი ამ ტერიტორიის დაგეგმარების 70%-ს ასახავს.
კონსორციუმის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის დიზაინის შემუშავებაზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად, საერთაშორისო კომპანიები „ვან ოორდი“ (Van Oord), „როიალ ჰასკონინგი“ (Royal Haskoning DHV) და „მოფატ ენდ ნიკოლი“ (Moffat & Nicol) დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
დიზაინის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ტერმინალ-ოპერატორის გამოვლენის თითქმის ერთწლიანი პროცესი დაასრულა. მან საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორად მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი, წამყვანი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი დაასახელა. პარალელურად მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის განხილვა, რომელიც კონსორციუმმა 8 ივნისს გამოაქვეყნა.
ანაკლიის პორტის მშენებლობის 2017 წლის მეორე ნახევარში დაწყება, ხოლო პორტის პირველი ფაზის ამოქმედება 2020 წელს იგეგმება.