ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მთავრობა და „გაზპრომი“ სექტემბერში ხელს მოაწერენ შეთანხმებას „რესპუბლიკის“ გაზიფიცირების შესახებ. ინვესტიცია 2,5 მილიარდი რუბლის ღირებულებისაა.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დეფატო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ალექსეი მილერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შევთანხმდით, რომ არსებობს სამხრეთ ოსეთის გაზიფიკაციის აუცილებლობა. ამიტომ წელს მომზადდება დოკუმენტაცია, სექტემბერში მთავრობა ხელს მოაწერს „გაზპრომთან“ შეთანხმებას და მომავალი წლიდან რესპუბლიკის გაზიფიკაცია დაიწყება“, - განაცხადა ბიბილოვმა.
მისივე თქმით, „გაზპრომი“ მზადაა დააფინანსოს გაზის ქსელის მშენებლობა, რომელიც, მისი ინფორმაციით, 2,5 მილიარდი რუბლი დაჯდება. დეფაქტო პრეზიდენტის თქმით, გაზის ფასი ისეთივე იქნება, როგორც ჩრდილოეთ ოსეთში. ვარაუდობენ, რომ რაიონების გაზიფიკაციას ნახევარი წელი დასჭირდება.