„რეზონანსი" - საშეღავათო სისტემის ამოქმედების ნაცვლად რკინიგზამ და ავტოსადგურებმა გაძვირების ახალი კამპანია წამოიწყეს

საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაუმართლებლად ძვირია.

ხალხი რეგიონებში ვერ მიემგზავრება იმის გამო, რომ მიმოსვლის ხარჯს ვერ აუდის.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, დედაქალაქიდან რეგიონებში მგზავრობის ფასი, საშუალოდ, 15-25 ლარია, გამონაკლის შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით. განსაკუთრებით ჭირს ზაფხულის პერიოდში, როცა მოთხოვნის ზრდის პარალელურად, კომპანიები მგზავრობის ღირებულებას აძვირებენ. უპრეცედენტოდ ძვირია შიდა ავიარეისები, რასაც არც სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტი ჩამორჩება.

როგორც ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები, ასევე მომხმარებლები ერთსულოვნად აცხადებენ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის დადგენილი ტარიფები გაცილებით მაღალია, ვიდრე მომსახურების ხარისხი. მართალია, მატარებელი გაცილებით კომფორტულიცაა და უსაფრთხოც, მაგრამ ძვირი ტარიფის გამო ამ ტრანსპორტით სარგებლობის საშუალება ბევრს არ აქვს.

ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელი ვიტალი გიორგაძე ამბობს, რომ მიუღებელია გადახდის სისტემა, რომლითაც დღეს "საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს ემსახურება.

"რკინიგზამ რა ტარიფიც უნდა დააწესოს სამგზავრო გადაზიდვაზე, ეს მიმართულება ყოველთვის დოტაციური იქნება. სამგზავრო მატარებელს მთლიანად საზოგადოებრივი დანიშნულება აკისრია და მისი გაძვირება ამ სტრუქტურას ვერაფერს მოუტანს. რკინიგზით მგზავრობის ტარიფები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, კონკურენციაზე კი საუბარიც გადაჭარბებულია. მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ბათუმის მიმართულებით მატარებლის ტარიფი 100 ლარამდე გააძვირეს, როცა თვითმფრინავით მგზავრობა 90 ლარია.

ძალიან მოქნილი და მგზავრებზე მორგებული მომსახურებაა სააბონენტო სისტემა, რასაც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იყენებენ. მიდგომა უნდა შეიცვალოს და ტარიფებთან დაკავშირებით გარკვეული ზომები მიიღონ", - აცხადებს გიორგაძე და დასძენს, რომ ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგაც სახმელეთო ტრანსპორტში ერთხელ უკვე გაძვირებული ტარიფის გაიაფების მოლოდინი ნაკლებად აქვს.

"როცა არის სეზონური პიკი, ფასი მატულობს, რეალურად, რამდენად სწორია, ეს სხვა საკითხია. რატომღაც არ მახსენდება შემთხვვა, რომ ერთხელ გაძვირებული ტარიფები გაეიაფებინათ, არაფერი სიკეთე ფასების ზრდას არ მოაქვს, უარყოფითი ეფექტი გაცილებით მეტია, ვიდრე მოგება, მაგრამ ამას რატომღაც ვერ აცნობიერებენ.

მიმოსვლასთან დაკავშირებით მგზავრები უამრავ პრობლემას აწყდებიან. ელემენტარულად, ჩვენთან ბილეთების შეძენის სისტემაც რთულია. ისეთი პროცედურების გავლა უწევს მგზავრს, როგორიც, წესით, საბანკო სექტორისთვის შეიძლება იყოს მისაღები. განსაკუთრებით პრობლემა აქვთ ტურისტულ კომპანიებს, რომლებსაც წინასწარ უწევთ ადგილების დაჯავშნა. სამწუხაროდ, "საქართველოს რკინიგზა" ჩაკეტილი სტრუქტურაა, სადაც ერთპიროვნულად იღებენ გადაწყვეტილებებს, პასუხისმგებლობა კი ყოველთვის ნაკლებია", - აცხადებს გიორგაძე.

გაძვირებაში რკინიგზას არც ავტოსადგურები ჩამორჩნენ. ამ შემთხვევაში საფასო ცვლილება ტურისტული სეზონის გააქტიურებას უკავშირდება. იმის ნაცვლად, რომ მგზავრებისთვის შეღავათი დაეწესებინათ, როგორც რკინიგზამ, ასევე ავტოსადგურებმაც გაძვირების ახალი კამპანია წამოიწყეს.

ამ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კომპანია "მეტრო ჯორჯიამ" ავტობუსით მგზავრობა 10 ივლისიდან გააძვირა, რაც ზაფხულის ბოლომდე შენარჩუნდება.

ცალკე პრობლემაა მომსახურების ხარისხი, რაც, სპეციალისტების შეფასებით, მგზავრობის ტარიფთან შეუსაბამოა. განსაკუთრებით ეს ავტოსატრანსორტო საშუალებებს ეხება. როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი განმარტავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უნდა იყოს წახალისებული, რათა ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდეს და ადამიანებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ. იგი არ გამორიცხავს, რომ მატარებელთან ერთად, მიკროავტობუსების სეგმენტშიც გაიზარდოს ტარიფი.

"ტურისტულ პერიოდში მგზავრების ნაკადი იმატებს. თუკი გაძვირება იგეგმებოდა, საზოგადოების ინფორმირება უნდა მოეხდინათ 2-3 თვით ადრე. ეს არ მოხდა და ძალიან ბევრი მგზავრი, ძირითადად დამსვენებლები, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. არ ვფიქრობ, რომ "საქართველოს რკინიგზისთვის" გაძვირება მოგების მომტანი იქნება. საბოლოოდ ადამიანი ავტომობილით გადაადგილებას არჩევს და არ ისარგებლებს მატარებლით. ეს იქნება პროტესტი მოსახლეობის მხრიდან.

დღესდღეობით პრობლემაა ის, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არის არაკომფორტული, საშიში და მგზავრობა უკავშირდება გარკვეულ რისკს. მთლიანად დერეგულირებულია ეს სფერო. როცა ფულს იხდის, ადამიანს უჩნდება პრეტენზია, რომ კომფორტულად იმგზავროს. ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაძვირდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ძველ მიკროავტობუსებს ხარისხიანი ტრანსპორტით ჩაანაცვლებენ", - აცხადებს მესხიშვილი.

თბილისში მცხოვრებ ნელი მურუსიძეს რაჭაში, ამბროლაურის ერთ-ერთ სოფელში, სახლი აქვს. ადრე წელიწადში ორჯერ მაინც ახერხებდა ჩასვლას, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ზედიზედ მეორე წელია, თბილისიდან ფეხი არ გაუდგამს.

"რამდენიმე წლის წინ რაჭაში 15 ლარად ვმგზავრობდი, მერე 17-18 ლარამდე გაგვიძვირდა გზა, ბოლოს კი 25 ლარს მიაღწია. ბოლო წლებში სულ ეს ტარიფი მოქმედებს. ოჯახიდან ერთი ადამიანი თუ მიდის, არა უშავს, მაგრამ 3 წევრის გამგზავრება უკვე სერიოზული ხარჯია. შიდა გადაადგილების სასაფურსაც თუ დავამატებთ, მგზავრობა ლამის 1 თვის პენსია მიჯდება. რაიონული ცენტრიდან სოფლამდე კერძო მანქანის დაქირავება მიწევს, რადგან ავტობუსები და "მარშრუტკები" დღეგამოშვებით ან კვირაში ორჯერ თუ დადიან. ზუსტად იმ დროს სოფლის რეისს თუ ვერ ჩავუსწარი, ტაქსის აყვანა მიწევს, რაც ძალიან ძვირი ღირს.

საბოლოოდ, რაიონში ჩასვლა და ჩამოსვლა ოჯახს, სულ მცირე, 190 ლარამდე უჯდება. თანაც ბავშვები წამოიზარდნენ და ცოტა ხანში მათი მგზავრობის ანაზღაურებაც მოგვიწევს. ჩვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა თუ არ შეიცვალა, შესაძლოა, საერთოდ ვეღარც მოვახერხოთ ჩასვლა. ისედაც 2 წელია, რაც თბილისიდან ფეხი არ გამიდგამს", - ამბობს რაჭველი დიასახლისი.

ტარიფებთან დაკავშირებით ანალოგიური პრობლემაა სამეგრელოს მიმართულებითაც. მართალია, სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში შიდა ტრანსპორტის პრობლემა არ არის, თუმცა თბილისიდან რაიონულ ცენტრებამდე მგზავრობის ხარჯი თითო ადამიანისთვის 20 ლარს აღწევს, რასაც ადგილზე ტრანსპორტის მომსახურების ღირებულებაც ემატება. ჯამში, ხალხს მგზავრობა, სულ მცირე, 25-30 ლარი უჯდება, რის გამოც ძალიან ცოტა ადამიანი ახერხებს მამაპაპისეული კარმიდამოს მონახულებას. უნდა ითქვას, რომ ავტოსადგურებშიც მუდმივად მგზავრთა სიმცირის პრობლემაა, სადღესასწაულო პერიოდს თუ არ ჩავთვლით.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"