სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ვახტანგ გომელაურის შემოსავალმა გასულ წელს 85 813,50 ლარი შეადგინა.
28 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გომელაური არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას არ ფლობს.
დეკლარაციის შევსების მომენტში, „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 8 728,78 ლარი, ხოლო მიმდინარეზე 3 589,53 დოლარი ჰქონდა. გარდა ამისა, ნაღდი ფულადი თანხის სახით 58 000 დოლარი, 21 000 ლარი და 6 300 ევრო ჰქონდა.
მასვე „საქართველოს ბანკში“ 80 000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა, რომლის გასავალმაც წინა წელს 14 396,42 დოლარი შეადგინა; ამასთან, გასულ წელს აგარაკის მშენებლობაზე გომელაურის გასავალი 107 000 დოლარი იყო.
სუს-ის უფროსს ჰყავს მეუღლე ნინო კუდუხაშვილი და შვილები - ანა და ლუკა გომელაურები. ნინო კუდუხაშვილს აქვს 498,10 კვადრატული მეტრი ფართობის აგარაკი ტაბახმელაში, ამავე მისამართზე მდებარე 1 143 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი; 88 კვ. მეტრის ბინა თბილისში, ამავე მისამართზე - 20,74 კვ. მეტრის ავტოფარეხი და 56,90 კვ. მეტრი ფართობის სარდაფი.
ვახტანგ გომელაურის შვილს - ანა გომელაურს ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი MERCEDES-BENZ CLK, რომელიც 2017 წელს 8 000 დოლარად შეიძინა. 2016 წელს კი მისმა შემოსავალმა შსს-ს აკადემიაში განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე 15 250 ლარი შეადგინა.