ძლიერი წვიმის შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, სოფელ გვრიტოსთან შვავის ჩამოსვლის შედეგად საავტომობილო გზა ჩაიკეტა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, ძლიერი წვიმის შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ში (სოფ. გვრიტოსთან) ჩამოვიდა დაახლოებით 150 კუბური მეტრის მოცულობის მიწა კლდის შვავი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის დაკეტვა.
მათივე ინფორმაციით, კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ უკვე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ამ მომენტისათვის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია და საავტომობილო მიმოსვლას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.
„ცენტრალურ გზებზე ყველა მიმართულებით მიმდინარეობს საჭირო ღონისძიებების გატარება, ამ დროისათვის საავტომობილო მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.