საია-ს ინფორმაციით, კვლევის თანახმად იკვეთება, რომ 2008 წელს სახელმწიფომ კანონდარღვევით გაასხვისა გარკვეული ტერიტორია, მათ შორის, ე.წ. ალიევის სკვერის ნაწილი.
”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის” თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა და იურისტმა სულხან სალაძემ დღეს კვლევა - „შპს „ნარიყალას საქმე“ წარადგინეს.
კვლევა, საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე უფლების აღიარების წესისა და საკუთრების კომისიის მიერ, 2008 წელს, შპს „ნარიყალასთვის“, თბილისში, გორგასლის ქ. #3-ში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების საკითხის კანონიერებას ეხება. კვლევაში ასევე განხილულია აღნიშნული საკითხის ირგვლივ 2016 წელს განვითარებული მოვლენები.
”ჩვენს მიერ გამოთხოვილი და შესწავლილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ნათლად იკვეთება, რომ 2008 წელს, შპს ”ნარიყალას”, მაშინდელი და დღევანდელი კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევით, სახელმწიფომ საკუთრებაში აღიარა საჯარო სივრცე, თანაც ისე, რომ არანაირი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ”ნარიყალას” მიერ აღნიშნული ქონების საკუთრებაში მიღების გამო არ არის დაცული და სავარაუდოდ, ეს დოკუმენტი არც არსებობს. დიდი ალბათობით, ეს თანხა არც არასდროს ყოფილა გადახდილი ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამ დოკუმენტებიდან იკვეთება ორი პრობლემა: ერთი ის, რომ სახელმწიფომ კანონის დარღვევით გაასხვისა საჯარო სივრცე, სკვერი. საუბარია ე.წ. ალიევის სკვერთან მიმართებაში. ასევე იკვეთება, მიუხედავად იმისა, რომ თავად კომისიას მოთხოვნილი ჰქონდა, რომ თანხა უნდა იყოს გადახდილი ბიუჯეტის სასარგებლოდ, ეს თანხა ძალიან დიდი ალბათობით, არ გადახდილა, რადგან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მოიძებნება”, - განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საქმე ძველი საკრებულოს საქმიანობის დროინდელია, თუმცა, საია-ს თავმჯდომარის შეფასებით, საინტერესოა, რომ 2016 წელს საკრებულოსთვის ოფიციალურად ცნობილი გახდა აღნიშნული საქმის და მასში არსებული შესაძლო დარღვევების შესახებ, თუმცა საკრებულოს ამ დრომდე არანაირი რეაგირება და ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია.
დოკუმენტებზე დაყრდნობით, საია მიმართავს თბილისის საკრებულოს, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით, შეისწავლოს დოკუმენტაცია და მიიღოს კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამასთან, საია-ში აცხადებენ, რომ საქმეს აქვს გარკვეული მსგავსება ე.წ. ნაზღაიძის საქმესთან. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, თბილისის თვითმმართველობამ ერთსა და იმავე წელს ორ საქმეში სრულიად განსხვავებული მიდგომები გამოიყენა.ზვიად ნაზღაიძის საქმესთან პარალელს ავლებს სულხან სალაძე.
”ნაზღაიძის საქმის შემთხვევაში, მოხდა 28-ჯერ უფრო ძვირად ქონების ჩამორთმევა, იმ მოტივით, რომ თითქოსდა, ზვიად ნაზღაიძე იყო სტიქიის დროს დაზარალებული. სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ის არ იყო სტიქიით დაზარალებული, იქ არ იყო ჩამორთმევის საფუძველი. პარალელურად, ზედაპირზეა სხვა შემთხვევა, როდესაც საკრებულომ უნდა დაიწყოს პროცედურა ახალი გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ შორის შესაძლოა, ამ ქონების უკან დაბრუნების თაობაზე”, - განაცხადა სულხან სალაძემ.