თათა ვარდანაშვილი: შეკვეთების აღებისას ვერ ვრისკავ, რადგან პასუხს სახელმწიფოს წინაშე ვაგებ

დიზაინერი თათა ვარდანაშვილი ძველი ხელისუფლების დროს ჩამორთმეულ ფეხსაცმელების სამკერვალო ფაბრიკის დაბრუნებას უშედეგოდ ელოდება.

როგორც ვარდანაშვილმა  bpn.ge-ს განუცხადა, ობიექტი უკვე მეორე წელია, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მისი არაერთი განცხადების მიუხედავად, კომპანია ”დემეტრე 96”-ის დაბრუნებაზე არავინ ფიქრობს და იმედი უკვე გადაეწურა.

დიზაინერი, რომელიც იმავდროულად, ფაბრიკის დირექტორია, სახელმწიფო საკუთრებაში მსგავსი ტიპის კომპანიების ფლობას გაუმართლებლად მიიჩნევს.

”ორი წლის წინ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ვიყავით და ყველაფერი, რაც ჯარისკაცს ესაჭიროებოდა, ჟილეტებიდან დაწყებული, ფეხსაცმელების ჩათვლით, ჩვენ ვუკერავდით. თუმცა, რაც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადმოგვიყვანეს, შეკვეთების მისაღებად, ჩვეულებრივ, ტენდერებში გვიწევს მონაწილეობის მიღება. როგორც დირექტორი, ანგარიშვალდებული ვარ სახელმწიფოს, კონკრეტულად კი, ქონების მართვის სააგენტოს, წინაშე. ბიზნეს-გეგმასაც მათ ვუთანხმებ. მე რომ ჩვეულებრივი ფიზიკური პირი ვიყო, რომელსაც თავისი ბიზნესი აქვს, შესაძლოა, მეტი რისკი ამეღო: თავდაპირველად შეიძლება, ზარალზე წავიდე, თუ შემდგომ მოგების მიღების იმედი მაქვს. თუმცა, რადგან კომპანია სახელმწიფოს ეკუთვნის, ამის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემ”, - განაცხადა ვარდანაშვილმა.

დიზაინერის თქმით, კომპანია სრული დატვირთვით ვეღარ მუშაობს და მთლიანად შეკვეთებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, 400-მდე დაქირავებული თანამშრომელი ანაზღაურებას გამომუშავებით იღებს, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს.

კომპანია ”დემეტრე 96” მთავრობამ დიზაინერს 2010 წელს ჩამოართვა. მიზეზად ”იაფი სესხის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2008 წელს 1,3 მილიონი ლარის კრედიტის გაცემა დასახელდა, რომელიც თათა ვარდანაშვილმა ვერ დააბრუნა. სახელმწიფო სესხით დიზაინერს კომპანია უნდა გაეფართოვებინა, გადაეიარაღებინა და სტუდენტებისთვის სასწავლო ბაზა შეექმნა. თავად ბიზნესმენი აცხადებს, რომ ძველმა ხელისუფლებამ კომპანია უსამართლოდ ჩამოართვა.

”სესხის ანაზღაურება 2011 წელს უნდა დაწყებულიყო. გარდა ამისა, კომპანიის ღირებულება სამჯერ აღემატებოდა მთლიან კრედიტს”, - აცხადებს ვარდანაშვილი.

დიზაინერი არ აპირებს ხელახლა გამოისყიდოს საწარმო, თუ სახელმწიფო მის პრივატიზაციას გადაწყვეტს.

”სამკერვალო ფაბრიკა თავის დროზე კომპანია ”ქართუ ჯგუფმა” დააფუძნა და ერთხელ უკვე გამოვისყიდე. საკუთარი ქონება რამდენჯერ უნდა შევიძინო?!”, - აცხადებს დიზაინერი.