"მერსი ქორფსი" მეცხოველეობისა და ტურიზმის მხარდასაჭერად გრანტების გაცემას იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია ”მერსი ქორფსმა” სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად ახალი პროექტი - ”მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა” - წამოიწყო.

როგორც bpn.ge -ს პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი სადუნიშვილმა განუცხადა, პროგრამა სამ რეგიონში - ქვემო ქართლში, სამცხე - ჯავახეთსა და აჭარაში მეცხოველეობისა და ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

”გათვალისწინებულია გრანტების გაცემა რძის გადამამუშავებელ პუნქტებზე, სასაკლაოებზე, ვეტერინარულ აფთიაქებზე, ვეტპუნქტებსა და ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებიც წვრილ ფერმერებს მოემსახურებიან. რაც შეეხება ტურიზმს, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ვინ იქნებიან პროგრამის უშუალო ბენეფიციარები. სავარაუდოდ, გრანტებს ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც უზრუნველყოფენ ფერმერების პროდუქციის მიტანას ტურისტულ ობიექტებამდე”, - განაცხადა სადუნიშვილმა.

მისი თქმით, პროექტი მკაცრად არ განსაზღვრავს გრანტების მინიმალურ და მაქსიმალურ მოცულობას.

”მერსი ქორფსი” სოფლის მხარდაჭერის პროექტებს უკვე მეოთხე წელია, ახორციელებს. მარტში კი არასამთავრობო ორგანიზაციის პროგრამის მეორე ფაზა დაიწყო, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ 9 მილიონი შვეიცარიული ფრანკით დააფინანსა. პროგრამა ოთხ წელს გაგრძელდება.