ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენი საწარმოც შემოწმდა, არც ერთი არ იყო დარღვევის გარეშე

პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულ შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაში დეპუტატებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, დამსაქმებელთა და ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

პროექტის მიხედვით, თუკი აქამდე შრომის ინსპექტორს საწარმოში მხოლოდ წინასწარი შეთანხმებით აქვს შესვლის უფლება, ახალი კანონის ამოქმედების შემდგომ, შეთანხმება საჭირო არ იქნება. პროექტით განსაზღვრულია სხვადასხვა სანქციები - პირველ რიგში, გაფრთხილება, შემდეგ ფულადი ჯარიმა, ხოლო თუკი არსებობს სრული შეუსაბამობა და შრომითი პირობები სიცოცხლისთვის საფრთხეს შეიცავს, წარმოების შეჩერება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პაატა ჟორჟოლიანმა განმარტა, ჯარიმების ოდენობაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს საუბარი, მაგრამ პროექტით განსაზღვრულია, რომ ინსპექტორს ექნება 5 ათას ლარამდე ჯარიმის დადების უფლება, 5 ათასიდან 50 ათას ლარამდე ჯარიმაზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

“რამდენი საწარმოც შემოწმდა, არც ერთი არ ყოფილა დარღვევის გარეშე. წარმოებდა არასრული შემოწმებები - ეს იყო დამტკიცებული კითხვარის მიხედვით, რომლის ფარგლებს გარეთ გასვლის უფლება ინსპექტორებს არ ჰქონდათ. იყო ძალიან მცირე რაოდენობა საწარმოებისა, რომელთაც მონიტორინგისას აჩვენეს, რომ გამოსწორებული იყო. მიმდინარე წელს დაახლოებით 100-ზე მეტი საწარმო შემოწმდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა ჟორჟოლიანმა.

კანონპროექტი 2018 წლიდან ამოქმედდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე საწარმოებთან მიმართებით, ხოლო 2019 წლიდან სხვა საწარმოებზეც გავრცელდება.