ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ინფლაციის შესახებ წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"რატომ განსაზღვრა ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე 2017 წლის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 4%–ზე (2013–2016: 5%; 2011–2012: 6%; 2009–2010: 7%; 2008: 8%), და რატომ არის თითქმის ორმაგი აცდენა ფაქტიური მაჩვენებლისგან, რომელმაც საქსტატის მონაცემებით მიმდინარე წლის ივნისში წლიურ 7,1% შეადგინა წინა წლის ივნისთან შედარებით?
ინფლაციის თარგეთირება (ე.ი. მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრა და მის შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის წარმართვა) წარმოადგენს ცენტრალური ბანკების მნიშვნელოვან პრაქტიკას, რომლის შედეგებიც (ე.ი. თუ რამდენად მცირეა ცდომილება მიზნობრივ და ფაქტიურ ინფლაციას შორის) აგრეთვე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მონეტარული ხელისუფლების ეფექტურობასა და თანმიმდევრულობას, რაც მთავარია, მის მიმართ ინსტიტუციონალურ ნდობას საზოგადოების მხრიდან.
როდესაც მიზნობრივ მაჩვენებელს 4%–ზე აწესებ, სავსებით მისაღებია, რომ ფაქტიურმა მაჩვენებელმა შეადგინოს, მაგალითად 3,1%, ან 4,8%... მაგრამ თითქმის ორმაგი გადახრა ყოვლად დაუშვებელია.
გამომდინარე იქედან, რომ 28 ნოემბერს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აქციზური გადასახადების გაზრდის შესახებ, ეროვნული ბანკისთვის ხომ თავიდანვე ნათელი იყო, რომ ინფლაციის მიზნობრივი დონე 2016 წელთან შედარებით არ უნდა შეემცირებია მაინც.
მთავრობის გადაწყვეტილების სისწორეს ადასტურებს 30 ივნისს დაფიქსირებული ის მილიარდიანი სახაზინო ნაშთი, რომლითაც ფისკალური ნახევარწლედის თავზე მთავრობას ნამდვილად შეუძლია იამაყოს. კვლავ განვმეორდები, რომ ასეთი საბიუჯეტო დისციპლინა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.
მაგრამ თუ ეროვნული ბანკი მეტ ადექვატურობას არ გამოიჩენს, ხოლო, თუ რამდენად არათანმიმდევრულია ის მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაში, რაშიც, სამწუხაროდ, თავადვე კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, მაკროეკონომიკურ სტაბილიზაცია საფრთხეში შეიძლება აღმოჩნდეს.
როგორც ცნობილია, მაკროეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაცია გულისხმობს ეროვნული ბანკის მხრიდან კომპეტენტურობას და არა მთავრობისადმი ლოიალობას, ხოლო მთავრობის მხრიდან – ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და პატივისცემას." - წერს ასლანიშვილი