„100-ქულიანი სისტემა უცხო ქვეყანაში მიღებული მართვის მოწმობის მფლობელებისთვის დისკრიმინაციულია“

„მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესში არსებული ჩანაწერი, რომელიც უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობის ჩამორთმევას ეხება - დისკრიმინაციულია“.

ამის შესახებ, საადვოკატო ბიურო OK & CG-ის ადვოკატი ქეთევან ქავთარაძე საუბრობს.

„კანონის თანახმად, უცხო ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელებს 100 ქულის ამოწურვის შემდეგ მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ და საქართველოში მექანიკური ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა აეკრძალებათ. საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელებს კი მართვის უფლება 1 წლით უჩერდებათ. შესაბამისად, ეს ცვლილებები უცხო ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელებს საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელებთან შედარებით განსხვავებულ რეგულაციებს უწესებს. მოცემული კანონის ფარგლებში უცხო ქვეყანაში გაცემული მართვის უფლების მქონე პირებს არათანაბარ პირობებში უწევთ ყოფნა და იძულებულნი არიან მართვის მოწმობის გამოცდა თავიდან ჩააბარონ საქართველოში“,- აღნიშნავს ქავთარაძე.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს არ აქვს იმის რესურსი, რომ ქვეყანაში შემოსულ უცხოელებს მათთვის სასურველ ენაზე მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება შესთავაზოს.

„დღესდღეობით, მართვის მოწმობის ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ ქართულ, რუსულ, ინგლისურ, აფხაზურ, თურქულ, აზერბიჯანულ, სომხურ და ოსურ ენებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ უცხოელი ამ ენებს საერთოდ არ ფლობს, ან ნაწილობრივ იცის, მას გამოცდის ჩაბარების საშუალება პრაქტიკულად არ აქვს. აუცილებელია, რომ კანონში შევიდეს ცვლილებები, რათა დაცული იყოს ბალანსი საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობისა და უცხო ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელებს შორის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ შსს-მ საზღვარზევე მოახდინოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინფორმირება, რათა იცოდნენ, თუ რა ტიპის რეგულაცია არსებობს საქართველოში სატრანსპორტო მართვასთან დაკავშირებით, შემდგომი გართულებებისა და გაურკვევლობისგან თავიდან არიდების მიზნით, “- აცხადებს ქავთარაძე.