თბილისის მერიის მიერ 80 მილიონ ლარად შეძენილი 143 ლურჯი ავტობუსიდან, მოქალაქეებს 45 ემსახურება, ხოლო 98 სხვადასხვა ავტოსადგომზეა გაჩერებული.
სატრანსპორტო სამსახური, ავტობუსების ექსპლუატაციაში შესვლის დაგვიანების მიზეზად, დიდ დიღომში მშენებარე ავტობაზას ასახელებს.
"ავტობუსების ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შესვლა ივლისის ბოლოს, დიდ დიღომში მშენებარე ავტობაზის დასრულების შემდეგ მოხდება. ავტობაზა 6 ჰექტარს მოიცავს და 377 ავტობუსზეა გათვლილი, შესაბამისად, მისი მშენებლობისთვის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს და მალე დასრულდება კიდეც. ახალი ავტობუსები სპეციფიკურ ტექნიკურ მომსახურებას საჭიროებს, ავტობაზა კი მათ სწორედ ასეთ სერვისს შესთავაზებს," - განმარტავენ უწყებაში.
MAN-ის ფირმის 143-ვე ავტობუსის ექსპლუატაციაში შესვლა თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, თავდაპირველად, 2017 წლის მაისში, შემდეგ კი ივნისში იგეგმებოდა, თუმცა ვადებმა კიდევ ერთხელ გადაიწია.
წყარო: ALLNEWS