შატილის მიმდებარე ტერიტორიიდან ტურისტების გამოყვანა მიმდინარეობს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დღეს შატილის მიმართულებით რამდენიმე რეისს განახორციელებს და ადგილზე დარჩენილ ტურისტებსა და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანს.

შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს მაშველები დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის ხეობაში მყოფი 5 უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ.

„დუშეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა განსაცდელში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კომუნიკაციის დამყარება მოახერხა, დადგინდა მათი ადგილსამყოფელის ზუსტი კოორდინატები. უამინდობისა და მდინარე გუროსჭალის ადიდების გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია და სამაშველო ოპერაცია ქვეითად მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პარალელურად, შსს-ს საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე, სამაშველო ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

„ამ წუთებში ერთობლივი ძალისხმევით, ტურისტების შატილის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოყვანა მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მაშველებმა შატილიდან თბილისში რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები უკვე ჩამოიყვანეს.

უგზოობისა და უამინდობის გამო, ექსკურსიაზე მყოფი 15 ბავშვი, 2 მასწავლებელთან და 2 მშობელთან ერთად, ხევსურეთიდან უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა. ისინი მაშველებმა დღეს გამოიყვანეს.