პირველი ავტომობილი, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაჯარიმდა

საავტომობილო გზებზე სიჩქარის გადაჭარბება ყველაზე გავრცელებული დარღვევაა. ამ დარღვევას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

ალბათ საინტერესო იქნება იმ ავტომობილის გაცნობა, რომლის მძღოლიც კაცობრიობის ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, ვინც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააჯარიმეს.

ფოტოზე სწორედ ეს ავტომობილია გამოსახული, სახელად „არნოლდ ბენცი“. ის 1896 წელს დაუჯარიმებიათ. საჭესთან ვინმე უოლტერ არნოლდი მჯდარა, რომლის კომპანია „არნოლდ ბენც მოტორ ქერიჯი“ (Arnold Benz Motor Carriage) ერთ-ერთი ბრიტანული კომპანია იყო, რომელმაც „ბენცის“ ავტომობილების გაყიდვის ლიცენზია მიიღო.

კენტის საგრაფოს ერთ-ერთ გზაზე გადაადგილებისას, არნოლდმა 13 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. იმ დროს კი ქალაქის შემოგარენში თვითმავალი ეკიპაჟებისთვის მაქსიმალურ დასაშვებ სიჩქარედ, სულ რაღაც, 3 კმ/სთ იყო დაშვებული. უფრო მეტიც, მანქანის წინ უნდა ემოძრავა სიგნალის მიმცემს, რომელიც შიგაწვისძრავიანი მონსტრის მოძრაობის შესახებ, ირგვლივ მყოფებს წითელი დროშით გააგებინებდა. არნოლდმა დაარღვია, მაგრამ მალე გამოიჭირა პოლიციელმა, რომელიც ველოსიპედზე იყო ამხედრებული.

საინტერესოა, რომ სიჩქარის დასაშვები ზღვარი იმავე წელს 22 კმ/სთ-მდე აწიეს და წითელი დროშის წესიც შეცვალეს. ამასთან დაკავშირებით, სიჩქარის მოყვარულებმა, რომელთა შორისაც არნოლდიც იყო, რბოლა გამართეს, რომელიც „ემანსიპაციის გარბენის“ სახელითაა ცნობილი. რბოლამ სტარტი ლონდონში აიღო და ბრაიტონში დასრულდა. სტარტზე მდგარი 33 ეკიპაჟიდან ფინიშს მხოლოდ 17-მა მიაღწია. მათ შორის არნოლდიც იყო, რომელმაც ავტომობილის კარგი მართვისთვის ოქროს მედალი დაიმსახურა.

პირველი დაჯარიმებული ავტომობილის ნახვა მალე გახდება შესაძლებელი. მას ჰემპტონ კორტში, ელეგანტურობის კონკურსზე გამოფენენ. კონკურსი სექტემბერში ჩატარდება.

წყარო: autobild.ge