ამ დროისთვის ფოთში, ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თამაზ უბილავამ განაცხადა.
მისი თქმით, ხანძრის ჩასაქრობად ჯამში 9 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
„სულ 9 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, საიდანაც 5 იყო ფოთის, დანარჩენი კი მეზობელი რაიონებიდან“, - განაცხადა თამაზ უბილავამ.
ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას განცხადებით კი, იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება.
მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ხანძარი სპეციალურად გააჩინეს.