თომას ჰამერბერგი: ბიზნესისთვის საკუთრების ჩამორთმევის კონკრეტული ფაქტები შესასწავლია

ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საქართველოს მთავრობისთვის საკონსტიტუციო, სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგი აცხადებს, რომ ბიზნესისთვის საკუთრების ჩამორთმევის კონკრეტული ფაქტები შესასწავლია.

მისი განმარტებით, საქმე ეხება ყოფილი ხელისუფლების დროს მომხდარ ფაქტებს, თუმცა, ვინაიდან მათი საკითხი არ გადაწყვეტილა, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ჯერ მოუგვარებელია.

აღნიშნული კომენტარი ჰამერბერგმა გუშინ ბიზნესის, სამართლის სფეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრაზე ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები, მათ შორის, წარსულში საკუთრების ჩამორთმევის ფაქტები განიხილეს. შეხვედრის ორგანიზატორმა, ფონდმა "კრისტალმა" გაავრცელა განცხადება, რომლითაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას მიმართავს.

ფონდი გამოდის ინიციატივით, გაიზარდოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებები, ან ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი საქართველოს პარლამენტს დაექვემდებაროს. გარდა ამისა, მათი ინიციატივაა, ბიზნესის ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევით, სამართლის უზენაესობის დამკვიდრების მოთხოვნით, გრძელვადიანი, გამჭვირვალე, აპოლიტიკური კამპანიის წარმოება.

"მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა შესაძლო მექანიზმით წაახალისოს და დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას დამოკრატიზაციისა და მმართველობის რეფორმის პროცესში, მხარი დაუჭიროს ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, რომელიც შეეხება ბიზნესში ჩარევისა და საკუთრების უფლების ხელყოფის შემთხვევებს. დააზუსტოს გზავნილები, რომელიც ეხება მთავრობის პოლიტიკის მომავალზე ორიენტაციის აუცილებლობას და კრიტიკულად შეაფასოს სასამართლო ხელისუფლების ამჟამინდელი მდგომარეობა, მიიღოს მხედველობაში ფართო საზოგადოების ნდობის ხარისხი მათ მიმართ. მოუწოდოს სასამართლო ხელისუფლებას საზოგადოების წინაშე მეტი ანგარიშვალდებულებისაკენ", - ნათქვამია განცხადებაში.