საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა საწარმო, სადაც სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოება ხდებოდა , - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთ საწარმოში, სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, ხდებოდა სარეცხი საშუალებების - белизна, ,белизна золушка, белизна отбеливатель და KPOT - ის დამზადება.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები და ბოთლები, ასევე, სარეალიზაციოდ გამზადებული 408 ცალი - 1 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული სარეცხი საშუალება белизна და 239 ცალი - 0,5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული სარეცხი საშუალება KPOT“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით და 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე.