ავსტრიის ხელისუფლებამ თურქეთის ეკონომიკის მინისტრს ნიჰათ ზეიბექჩის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
„შემიძლია დავადასტურო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა მართლაც აუკრძალა თურქეთის ეკონომიკის მინისტრს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა“, - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
თურქეთის ეკონომიკის მინისტრს ავსტრიაში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში სურდა მონაწილეობის მიღება.
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის თქმით, თურქი მინისტრის ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას შეეძლო საფრთხე შეექმნა ავსტრიის საზოგადოებრივი წესრიგისთვის.