ხელით დამზადებული ქართული საცურაო კოსტიუმები - მართლაც საინტერესოა.
ნაქსოვი საცურაო კოსტიუმები თვლებითა და ქვებით არის მორთული და მართლა გამორჩეულია ყველასგან. მაია აგულაშვილი თავად გვიამბობს ამ საინტერესო საქმიანობის შესახებ.
- ბავშვობიდან მიყვარდა კერვა, ქსოვა, ქარგვა, ხატვა... კახეთში, ველისციხეში გავიზარდე და ძირითადად ჩემი შექმნილი სამოსით დავდიოდი, დაწყებული ფეხსაცმლიდან, აქსესუარებით დამთავრებული, თუმცა ეს იყო სკოლისა და უნივერსიტეტის პერიოდი, შემდეგ ამისთვის დრო აღარ მრჩებოდა.
დავამთავრე კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მხატვრული ქსოვის ფაკულტეტი. 8 წელი ვიმუშავე საჯარო სკოლაში, სადაც ვასწავლიდი მსოფლიო ხელოვნებისა და კულტურის ისტორიას. პარალელურად ვმუშაობდი ხალიჩების გალერეაში რესტავრატორად. ამის შემდეგ 5 წელი ვიმუშავე ტიხრულ მინანქარზე, შემდეგ გადავერთე ტურიზმში. მეოთხე წელია ამ მიმართულებით ვმუშაობ.
პირველად საცურაო კოსტიუმი მოვიქსოვე დაახლოებით მე-11 კლასში რომ ვიყავი, დღესაც მაქვს შენახული - თეთრი და მწვანე ფერის. მას შემდეგ აღარ მომიქსოვია.
ზოგადად ჩაცმის მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებული მაქვს, ჩვეულებრივად შოპოჰოლიკი ვარ - შემიძლია გზის ფული არ დავიტოვო და თუ რაიმე მომეწონება, აუცილებლად უნდა ვიყიდო. არ მიყვარს ისეთი სამოსი, რაც ყველას აცვია. განსაკუთრებული რაღაცები მომწონს. შესაბამისად - საცურაო კოსტიუმიც. არ მომწონს, სანაპირო ზოლზე რომ გაიხედავ და ყველას ერთნაირად აცვია, იშვიათს თუ გამოარჩევ. იდეაც აქედან გაჩნდა რამდენიმე თვის წინ. გადავწყვიტე ჩემთვის მომექსოვა და შემდეგ ვიფიქრე, რომ ცუდი ბიზნესიდეა არ იყო... იდეა სისრულეში მოვიყვანე, თუმცა ჯერ ძალიან ცოტა მაქვს გაკეთებული, ანუ ფაქტობრივად ახლა ვიწყებ.
ერთი კოსტიუმის შექმნას დაახლოებით ორი-სამი დღე სჭირდება. სხვადასხვა ტიპის ძაფებისგან იქსოვება ყაისნაღით, ძირითადად ისეთი ხარისხის, რომელიც წყალს კარგად უძლებს, ანუ არ იწელება. ასევე ვიყენებ სხვადასხვა ქვას, თვლებს, გასაფორმებლად.
უკვე გამოცდილია, არ მძიმდება წყალში და მალე შრება. სწორად თუ მოვუვლით, ადვილად არ ფუჭდება (ანუ არ უნდა გავრეცხოთ სარეცხ მანქანაში, არ უნდა გავწუროთ მაგრად...)
მე ვფიქრობ, მალე საკმაოდ მოთხოვნადი იქნება, რადგან რამდენიმე დღეა რაც გავასაჯაროვე ფოტოები და მოწონება დაიმსახურა, უკვე მაქვს გამოხმაურებებიც და შეკვეთებიც.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ეს მხოლოდ დასაწყისია და ბევრი საინტერესო გეგმა მაქვს. პირველ რიგში, მინდა ბრენდი შევქმნა, დანარჩენი სიურპრიზად დავტოვოთ.
წყარო: shin.ge