ფოთის მერი - ჩვენ გვინდა შუამდგომლობა გავუწიოთ დაზარალებულებს ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან

ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზიციებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს , - ამის შესახებ ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ განაცხადა. მისი თქმით, საბანკო სექტორის წარმომადგენლები მზად არიან მაქსიმალურად გაითვალისწინონ დაზარალებულთა ინტერესები.

,,ჩვენ გვინდა შუამდგომლობა გავუწიოთ დაზარალებულებს ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რომ შეძლებისდაგვარად გადაუვადონ მათ სესხები. კომერციულმა ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა მაქსიმალურად გაითვალისწინონ ეს სიძნელეები და გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი არსებულ პირობებში. სამწუხაროა, რომ არც ერთ მეპატრონს არ ჰქონდა დაზღვეული საკუთარი ბიზნესი. მოუწოდებ დაზარალებულებს, მეპატრონეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. ცეცხლი 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, სადაც 50-მდე მაღაზია და 144 დახლი იყო განთავსეული. ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.