ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განუცხადა, ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ჩქაროსნული გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერის განმარტებით, ასეთი გზის არარსებობა წლების განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე - ტურისტებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩქაროსნული გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საქართველოს ექნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რაც დიდ სარგებელს მოუტანს და ამავდროულად, გაამარტივებს მიმოსვლას მეზობელ თურქეთთან.

ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობის მასშტაბური პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.