ფოთის ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა დაზარალებულ მოვაჭრეებთან დასრულდა.
სავაჭრო ცენტრის მეპატრონის ნოდარ კორსანტიას თქმით, ისიც მოვაჭრეების მსგავსად დაზარალებულია.
„მოლაპარაკებებს ვაწარმოებ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა მთავრობისგან კომპენსაცია მივიღო. თუ რამე ამინაზღაურდება, ყველას გაგინაწილებთ. იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით ვარ. კანონის ფარგლებში ვიმოქმედებ და პასუხისმგებლობას არ გავექცევი. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით გამოსავალს ვიპოვით“, -განაცხადა ნოდარ კორსანტიამ.
მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან მოლაპრაკებები მიმდინარეობს, რათა დაზარალებულებს შეღავათი გაეწიოთ. მათივე ინფორმაციით, პოლიციიდან ნებართვის მიიღებისთანავე, მერიის შესაბამისი სამსახურები დამწვარი ტერიტორიის დასუფთავებას დაიწყებენ.
გუშინ, ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. დაზარალებულებს საკუთარი ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდათ. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.