პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ”ფრესკო” ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევისთვის, მათ შორის, გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალისთვის დააჯარიმა.
აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა, რაც სააგენტოს ინსპექტორის აპარატმა დაადასტურა.
კომპანიას ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა, გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და არსებული ჩანაწერების განადგურება დაევალა.
როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში განაცხადეს, შპს ფრესკო შოპინგ ცენტრის ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ნამდვილად ახორციელებს ვიდეოთვალთვალს სავაჭრო ობიექტების ქალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ გამოსაცვლელ ოთახებში. ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში კი, პირდაპირ წერია, რომ „ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში“.
კომპანიას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა და ვიდეოთვალთვალის განხორციელების შეწყვეტა, ასევე მოპოვებული ჩანაწერების სრულად წაშლა/განადგურება დაევალა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა შპს ფრესკოს შოპინგ ცენტრის ინსპექტირება, ანუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შესახებ განაცხადეს. ინსპექტორის აპარატს განცხადებით მიმართა პროფკავშირებმაც.