საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება, სამუშაო შეხვედრაზე ქუთაისის წყალარინების სისტემის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე და პროექტის დეტალებზე ისაუბრეს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალარინების სისტემა და აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. შედეგად შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება, მოსახლეობა ისარგებლებს თანამედროვე გამართული საკანალიზაციო სისტემით.
კომპანიის დირექტორმა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად, ის მიმდინარე პროექტებიც მიმოიხილა, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს რეგიონებში ახორციელებს.
ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოს ქალაქებში პროექტების განსახორციელებლად ჯამში 180 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი აქვს გამოყოფილი.