თურქეთიდან და ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობა მცირდება

მარტში საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 პროცენტით გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2014 წლის მარტში ქვეყანაში სულ 392 725 ვიზიტორი შემოვიდა.

რაც შეეხება იანვარ-მარტის ინტერვალს, სამი თვის განმავლობაში ქვეყანაში უკვე 1 006 267 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7,6%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.

ამ პერიოდში ქვეყანაში შემოსული ვიზიტორებიდან ტურისტი იყო 374 382 (საერთო რაოდენობის 37,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,1%); ტრანზიტული ვიზიტით შემოვიდა - 175 805 (საერთო რაოდენობის 17,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 39%); ხოლო სხვა ტიპის ვიზიტით - 456 080 (საერთო რაოდენობის 45,3%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3%).

2014 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში ტრადიციულად თურქთიდან შემოვიდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მათი რაოდენობა 26%-ით შემცირდა. თითქმის ორჯერ შემცირდა ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით ირანიდანაც - 43,9%-ით.

39,9%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა აზერბაიჯანიდან, 30,7%-ით სომხეთიდან, ხოლო რუსეთიდან - 38,8%-ით. ასევე, წელს მარტში შარშანდელთან შედარებით 38,5%-ით მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა საქართველოში უკრაინიდან.

პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდა ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორებთან დაკავშირებითაც, იანვარ-მარტში გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა პოლონეთიდან (147%), ნიდერლანდებიდან (26%), ლიტვიდან (24%) და იტალიიდან (21%); ასევე შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (25%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში ბელორუსიდან (+40%) და მოლდოვადან (+27%) ჩამოვიდა.