საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბოლო 6 თვის ეკონომიკური მაჩვენებლები მიმოიხილა.
მინისტრის განცხადებით, გაზრდილია ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი, ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ტურიზმის, ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით. ქუმსიშვილის თქმით, გენერირებულმა ეკონომიკამ ქვეყანას მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მისცა, ხოლო მოსაზრება, რომ ფულის ამოღება ეკონომიკიდან ხდება, მცდარია.
”ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ეკონომიკური ზრდა 4%, თუმცა, დღეს გაცილებით მეტი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დეფლატორიც ოდნავ მაღალია და გადასახადები, რომელსაც ჩვენ ვკრებთ, არის უფრო მეტი, ვიდრე ამას ავკრეფდით იმ ეკონომიკური ზრდის პირობებში, რაც გვქონდა დაგეგმილი. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ეკონომიკას კი არ ვართმევთ რაიმე დამატებით ფულს, ეს ფული კი არ გამოგვაქვს ეკონომიკიდან, არამედ ეკონომიკამ დააგენერირა მეტი ეკონომიკა და, შესაბამისად, მოგვეცა შესაძლებლობა, მეტი შემოსავალი მიგვეღო.
ჩვენ ვთვლით, რომ ეკონომიკა გაზარდა ექსპორტმა, რომელიც 28%-ით არის გაზრდილი და მილიარდზე მეტი დააგენერირა. ასევე, მნიშვნელოვანია ტურიზმი, რომელმაც დამატებით 205 მლნ დოლარით მეტი დააგენერირა ეკონომიკაში ამ 6 თვეში და ჯამში ტურიზმიდან შემოსავალი ასევე მილიარდზე მეტია, ინვესტიციები 403 მლნ დოლარია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილები, რომელიც პირველ 5 თვეში გაიზარდა და 433 მლნ დოლარი შეადგინა.
ყველა ეს ფული შემოვიდა ამ ქვეყანაში, საბოლოო ჯამში მივიდა ჩვენს მოსახლეობამდე, კერძო პირამდე და მან მიიღო გადაწყვეტილება იმის, რომ დაეხარჯა ეს ფული. გამომდინარე აქედან, გაზრდილია იმპორტის მაჩვენებელიც”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.