შინაგან საქმეთა სამინისტროში ავტოსკოლების ლიცენზირების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა გელაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ავტოსკოლებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე მხარეებმა მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების და ამ პროცესში ავტოსკოლების ჩართულობის საკითხებზე იმსჯელეს, ასევე ისაუბრეს ავტოსკოლებში არსებულ სასწავლო პროგრამებზე და ის მიმართულებები განიხილეს, რომელთა განვითარების შედეგად, ავტოსკოლებში სწავლის ხარისხი გაუმჯობესდება. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, შეიქმნება ახალი, ერთიანი სტანდარტი, რომლის საფუძველზეც, ლიცენზირებული ავტოსკოლა კვალიფიციური მძღოლის მომზადებას შეძლებს.
შს სამინისტროს წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ავტოსკოლების წარმომადგენლების შეფასებებიც მოისმინეს. სტუმრები შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მიმართულებით დანერგილ და დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ.
შეხვედრაზე ავტოსკოლების ლიცენზირების და მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა.