თბილისის მერიის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით სწორედ ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე გუშინ დააკავეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.