უკრაინელი ტურისტებისთვის ყირიმის ალტერნატივად აჭარა განიხილება

უკრაინელი ტურისტებისთვის საქართველო, შესაძლოა, ყირიმის ალტერნატივა გახდეს.

უკრაინული მედია წერს, რომ დაძაბული ვითარების გამო, ყირიმში წელს სეზონი, სავარაუდოდ, ჩავარდება. როგორც უკრაინის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ცარიუკი აცხადებს, ამის მიზეზი უკრაინის ხელისუფლების უმოქმედობაა.

"ადამიანებმა არ იციან, თუ რა ვითარებაა იქ. ბევრი ფიქრობს, რომ ტანკები დგას, არიან სამხედროები და სახიფათოა. შესაბამისად, ის უკრაინელები, რომლებიც დასასვენებლად ყირიმში ჩადიოდნენ, მიმდინარე წელს იქ აღარ ჩავლენ. ისინი დასვენებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ ამჯობინებენ", - განაცხადა ცარიუკმა.

გასულ წელს ყირიმში დაახლოებით 6-მა მილიონმა ადამიანმა დაისვენა და აქედან 65%, დაახლოებით 4 მილიონი უკრაინელი დამსვენებელი იყო. შესაბამისად, ვინაიდან ყირიმის ნახევარკუნძული "დროებით ოკუპირებულია", ასეთი რაოდენობის უკრაინელი ტურისტების მოსაზიდად ძირითადად საქართველო, საბერძნეთი და თურქეთი იზრუნებენ.

მართალია, უკრანაში ყირიმის გარდა არის ხუთი ოლქი, რომლებსაც აქვთ გასასვლელი აზოვისა და შავ ზღვებზე: დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ნიკოლაევსკის და ოდესის, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ოლქებში ინფრასტრუქტურა ისეთი განვითარებული არ არის, როგორც ყირიმში. გარდა ამისა, უკრაინაში სხვაგან არასად მოიძებნება ისეთი სუბტროპიკული ბუნება, როგორიც ყირიმში.

უკრიანული პრესა წერს, რომ ადგილობრივები უპირატესობას სავარაუდოდ, საბერძნეთს მიანიჭებენ, თუმცა მათი ნაწილი, ზაფხულში დასასვენებლად, საქართველოშიც ჩამოვა.

ვინაიდან ევროპის კურორტებზე დასასვენებლად უკრაინელებს ვიზა სჭირდებათ, ქართული კურორტების ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ის წარმოადგენს, რომ მათ აქ ჩამოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. თანაც აჭარაში კლიმატი სუბტროპიკულია, ზაფხულში ისე არ ცხელა, როგორც ყირიმში. თუმცა უკრაინული საიტები დამსვენებლებს უშუალოდ ბათუმში დასვენებას პლიაჟის გამო არ ურჩევენ და მოუწოდებენ, ახლო-მახლო სხვა კურორტები შეარჩიონ, სადაც ზღვაც უფრო კარგია და პლიაჟიც.