ითერიუმის ფასი 25 პროცენტით დაეცა

ციფრულ ვალუტა ითერიუმის ფასი კლებას განაგრძობს.

ითერიუმის ფასი ერთბაშად 25 პროცენტით დაეცა, რაც კრიპტოვალუტებს შორის ყველაზე მკვეთრი ვარდნაა. კლების პროცესი უკვე სამი კვირაა გრძელდება და მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი თვის წინ, ბიტკოინისა და ითერიუმის ფასებმა რეკორდული დონეები განაახლეს. კლების პროცესს ხელს უწყობს ანალიტიკოსთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ციფრული ვალუტების ფასები გაბერილია და ვარდნა გარდაუვალია.

აშშ-ში მოქმედ სავაჭრო პლატფორმა GDAX-ის მონაცემებით, ითერიუმის ფასი 60 დოლარით შემცირდა და 176.12 დოლარის ნიშნულს მიაღწია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი დონეა. აღსანიშნავია, რომ ითერიუმის კლება უკვე სამი კვირაა, გრძელდება. ფასმა ივნისის შუა რიცხვებში 400 დოლარიან ნიშნულს მიაღწია, მას შემდეგ კი თითქმის განახევრდა.

ვარდნას ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა, ბიტკოინიც აგრძელებს. გასულ თვეს მისმა ფასმა 3 000 დოლარს მიაღწია, ამ დილით კი 2 300.20 დოლარამდე შემცირდა. სავაჭრო სესიის დროს კლებამ 8.7 პროცენტი, ანუ 218.00 დოლარი შეადგინა. 9 და 25 პროცენტიანი კლება აქვთ სხვა პოპულარულ კრიპტო ვალუტებს - ლაიტკოინსა და რიპლს.

აღსანიშნავია, რომ „გოლდმენ საქსის“ ანალიტიკური ჯგუფი ბიტკოინის ფასის 3 915 დოლარამდე ზრდას ვარაუდობს, თუმცა იმავე პროგნოზის შესაბამისად, ვალუტას ჯერ კორექციული კლება ექნება, რამაც მისი ფასი 1 857 დოლარამდე უნდა შეამციროს.

ამჟამად მსოფლიო ბაზარზე ითერიუმის კაპიტალიზაცია დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს შეადგენს, ბიტკოინსა კი - 40 მილიარდს.