ბაგრატის ტაძარს ვერ დავაბრუნებთ ნუსხაში, მაგრამ შევეცდებით, UNESCO-ს ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონა დავადასტურებინოთ , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კვირიკაშვილმა ძალიან სასიხარულო და ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი უწოდა გელათის ტაძრის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში დაბრუნებას.
„ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. კულტურის სამინისტრომ რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი იმუშავა. აქტიურად იყო ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ მუშაობისთვის. მოგეხსენებათ, 2010 წელს UNESCO-მ მიიჩნია, რომ ბაგრატის ტაძარზე სამუშაოები დარღვევით ჩატარდა და ამის გამო, როგორც ბაგრატის, ისე გელათის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დღეს ჩვენ დავაბრუნეთ გელათი ამ ნუსხაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.