აღმოსავლეთ საქართველოში ხვნის სამუშაოები დასრულებულია

60 ერთეულამდე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დღეიდან უკვე დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაინაცვლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, "მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, ხვნის სამუშაოების ძირითადი ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოში თითქმის დასრულდა. ამ ეტაპისთვის უკვე მოხნულია 44 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯამში 800 000-მდე მიწის მესაკუთრეს დაეხმარება.

"მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ბენეფიციარები არიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.