კვლევის შედეგად, სანელებლებში ტყვიის შემცველობაზე 75 ნიმუშიდან დარღვევა ოთხ შემთხვევაში გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით სარეალიზაციო ობიექტებიდან სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში - აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში გადააგზავნეს.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის უკვე გამოკვლეულია ყველა 75-ვე ნიმუში, საიდანაც დარღვევა ოთხი შემთხვევაში გამოვლინდა.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში.

ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ-სანელებლებში: წითელი წიწაკა-7,06მგ/კგ (ი.მ „ბადრი ჯახია“); მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ (ი.მ.“ელგუჯა ჯახაია“); მშრალი აჯიკა-5,96მგ/კგ (ი.მ.“გიგა შარანგია“); სუნელი-5,60მგ/კგ (ი.მ.“მადონა თოდუა“). კომპანიების ჩამონათვალი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 75-ე ნიმუშის გამოკვლევისთანავე გაასაჯაროვა. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. პროდუქცია ამოღებულია ბაზრიდან და მისი განადგურება ყველა საჭირო პროცედურის შემდეგ მოხდება და გამოვლენილ დარღვევაზე დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება.

”სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს ეცნობება.

აგრეთვე ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს საკონსულოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. სურსათის ეროვნული სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტთან კვლევების შედეგების გაცვლის მიზნით.

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში ტოქსიკური ელემენტების - მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე ლაბორატორიულ კვლევებს 2010 წლიდან ატარებს. 2012 წლიდან დღემდე ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულია ცხოველური და არაცხოველური სურსათის, სასმელი წყლისა და სასმელების 2687 ნიმუში. მათ შორის ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა 64 მათგანში. დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - სურსათის ქსელიდან ამოღება და განადგურება”,- ნათქვამია განცხადებაში.