აღმაშენებელზე შენობის კედლის ჩამონგრევისას დაშავებულის ახლობლები პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებენ

აღმაშენებელზე შენობის კედლის ჩამონგრევისას დაშავებულის ახლობლები პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებენ.

ახლობლები წუხელ ალადაშვილის კლინიკაში იმყოფებოდნენ, სადაც აღმაშენებლის გამზირზე შენობის კედლის ნგრევისას დაშავებული გოგონაა მოთავსებული. კლინიკაში მოთავსებული დაშავებული გოგონას ახლობლები ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლების მისვლას და მომხდართან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, თბილისის მერიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, დაშავებული გოგონას ახლობლებს სამართალდამცავებმა წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც ხმაური მოჰყვა. თვითმხილველის ინფორმაციითვე, ადგილზე მოგვიანებით მერიის წარმომადგენლებიც მივიდნენ და დაშავებული გოგონას ახლობლებს გაესაუბრნენ.

აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის კედელი გუშინ ჩამოინგრა. ნაშალი მასალა გამვლელ გოგონას დაეცა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თვითმხილველმა განუცხადა, ახალგაზრდა ქალმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ამასთან, იგი იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.