ბაზარზე დაახლოებით 3 თვეა ახალი ქართული პროდუქტი „გამარჯობა“ გამოჩნდა.
როგორც სტარტაპის ერთ-ერთმა ავტორმა ალეკო ზარნაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ეს არის სხვადასხვა ხილის ჩირითა და კაკლით დამზადებული ფელამუში.
„ჩვენი პროდუქტი ბაზარზე დაახლოებით, 3 თვეა რაც გამოჩნდა. ამ ეტაპზე მომხმარებელს რამდენიმე სახის პროდუქტს ვთავაზობთ - ფელამუში გარგრის, ქლიავის ჩირით, კაკლით და თხილით. რაც შეეხება სახელს, ორმაგად სასიამოვნოა როდესაც სუპერმარკეტში შენივე პროდუქტი გესალმება, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი პროდუქტი ბაზარზე, სახელით „გამარჯობა“ გამოჩენილიყო,“- აღნიშნა ზარნაძემ.
მისივე თქმით, ბიზნესი მეგობრებთან - ბექა ქათამაძესა და ირაკლი გოგილიძესთან ერთად დაიწყო. რაც შეეხება წარმოებას, პროდუქტი მათ საოჯახო მარანში მზადდება.
„ჩვენი ბიზნესი ჯერ სტარტაპის ეტაპზეა. ყველაფერი საკუთარი ხარჯებით დავიწყეთ. ახლა კი წარმოების გაფართოება გვინდა. „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლისგან“ ველოდებით დაფინანსებას. რის შემდეგაც პროდუქტის ნაირსახეობის გაზრდასაც ვგეგმავთ. გვინდა მომხმარებელს ფელამუში ცოცხალი ხილითაც შევთავაზოთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საწყის ეტაპზე გვინდა ტურისტული ადგილები ავითვისოთ, შემდეგ კი პროდუქტის ექსპორტზე გატანასაც არ გამოვრიცხავთ,“-აღნიშნა ზარნაძემ.
Pelamushi with dried fruit and walnuts hits the market - Georgian students' startup