წლიურმა ინფლაციამ 3,5 პროცენტს მიაღწია

მარტში თებერვალთან შედარებით საქართველოში 0,1%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამ მაჩვენებლის ფორმირებაზე გავლენა, ძირითადად, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების 0,65-ით კლებამ გამოიწვია. 4,9%-ით გაიაფდა ბოსტნეული და ბაღჩეული, 2,4%-ით - რძე, ყველი და კვერცხი. ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (10,7%-ით); ფასების 0,8-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ჯანმრთელობის დაცვაზე. განსაკუთრებით გაძვირდა მედიკამენტები -2,5%-ით.

თუმცა, წლიურ ჭრილში ინფლაციის დონემ მარტში 3,5%-ს მიაღწია, შესაბამისად, სამიზნე მაჩვენებელს (6%-ს) უახლოვდება.

ერთი წლის განმავლობაში 5,4 %-ით გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები. მათ შორის, ბოსტნეული და ბაღჩეული (39,6 %-ით), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3,5%-ით), თევზეული (3,3%-ით), რძე, ყველი და კვერცხი (2,1 %-ით). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-4,6%-ით) და ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (-2,1%-ით);

საცხოვრებელის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11,4%-იანი მატება, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფზე - 7%-იანი. 12,3-ით გაძვირდა შარშანდელთან შედარებით თამბაქო.