Kote.ge ახალი ქართული ბრენდია, რომელიც კოტეჯების ადგილზე მიტანასა და აწყობას უზრუნველყოფს.
კოტეჯის პირველი პროტოტიპი უკვე შექმნილია და მისი ნახვა დაინტერესებულ პირებს ტექნოპარკში შეუძლიათ.
პროექტის ერთ-ერთი ავტორის, გიორგი ესვანჯიას თქმით, კოტეჯის უპირატესობა მისი ფასისა და ხარისხის ერთმანეთთან შესაბამისობაა. პირველი პროტოტიპი რამდენიმე პირისგან შემდგარმა ჯგუფმა ადგილზე 25 წუთში ააწყო.
"დღეს სახლის აშენება ან ყიდვა დიდ თანხებთან, დროსთან, ენერგიასთან და ისეთ პროცესებთანაა დაკავშირებული, რომელში ჩაბმაც არავის არ უყვარს.
ჩვენი მიზანია, რომ ყველა ეს პროცესი აბსოლუტურად ანულირებული იყოს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოინდომებს, რომ მსგავსი ტიპის კოტეჯი ჰქონდეს, შეკვეთიდან უახლოესი ერთი ან ორი დღის განმავლობაში, მიიღებს მზა პროდუქტს. გარდა ამისა, ამ კოტეჯის დაშლა და სხვა ადგილას გადატანაც არის შესაძლებელი," - განმარტავს პროექტის ერთ-ერთი ავტორი და დასძენს, რომ კოტეჯის გამძლეობა კლიმატურ პირობებში ჯერჯერობით შემოწმებული არ არის, თუმცა ქარს, თოვლსა და სხვა ატმოსფერულ ცვლილებებს აუცილებლად გაუძლებს.
გიორგი ესვანჯიასა და მისი პარტნიორების მიერ შექმნილი პირველი კოტეჯი 9 კვ.მ ფართობისაა და შვიდი ნაწილისგან შედგება. კედლების ასაწყობად გამოყენებულია ხის კარკასი, ხოლო სახლი შინდლითაა გადახურული.
"კლიმატური პირობებიდან ან მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიძლება, რომ დამათბობელი ან სხვა მასალები სხვა, უფრო ძვირადღირებული ან შედარებით დაბალფასიანი მასალებით შეიცვალოს, გააჩნია, ნაგებობა მომხმარებელს რისთვის დასჭირდება. პროტოტიპი, რომელიც ახლა ტექნოპარკის ტერიტორიაზე დგას, უფრო თბილისის მსგავსი ტიპის კლიმატისთვისაა გათვალისწინებული. მაღალი მთიანეთისთვის, გუდაურის, მესტიისა და ასეთი ადგილებისთვის, ორმაგი დათბუნება დაგვჭირდება". იხილეთ გაგრძელება