ახალი ქართული ბრენდი 90-იანი წლების გოგონას იმიჯით ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.
MERRY C -ამ სახელით იცნობს მომხმარებელი მერი შენგელიას მიერ შექმნილ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. ყოველდღიური და ქუჩის სტილი, ფერადი და დაპრინტული სამოსი - ასეთია კოლექცია, რომელზეც ახალგაზრდა დიზაინერი მუშაობს.
MERRY C-ის მთავარი კონცეფცია ადამიანის ყოველდღიურობის, ერთფეროვანი ცხოვრების გამრავალფეროვნებაა. “ვცდილობ, ჩემი შექმნილი სამოსი თუ ფეხსაცმელი კომფორტულთან ერთად, მაქსიმალურად ფერადი იყოს“, - ამბობს დიზაინერი.
MERRY C-ის დაბალყელიანი კედები ხელნაკეთია. მერი შენგელია ყოველი ახალი ფეხსაცმლის შესაქმნელად, ჯერ საბაზისო ესკიზს ამზადებს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში იმპროვიზაციას მიმართავს. ფეხსაცმელი სპეციალური საღებავებით იხატება და შესაბამისი ტექნიკით მუშავდება. რაც შეეხება სამოსს, ქსოვილზე ფოტოშოპში დამუშავებული ესკიზი გადადის.
„უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკა, რომლითაც ფეხსაცმელი მუშავდება, ძალიან მაღალი ხარისხისაა. დასველების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ გადადის და არც ფერს იცვლის.“
მერი შენგელიამ პირველი კოლექცია მხოლოდ ქალბატონებისთვის შექმნა. თუმცა, ბავშვის ტანსაცმელსა და მოხატულ კედებზეც დაიწყო მუშაობა. უახლოეს მომავალში კი მამაკაცის ხაზის დამატებასაც გეგმავს.
„ბავშვებისთვის კოლექციის შექმნა ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ განაპირობა. ფერადი კედები მშობლებს თავიანთი პატარებისთვის განსაკუთრებით მოსწონდათ. მით უმეტეს, რომ ქართულ ბაზარზე დიზაინერების მხოლოდ მცირე ნაწილი მუშაობს ბავშვების სამოსსა თუ ფეხსაცმელზე. ამიტომ, გადავწყვიტე ამ ხაზის დამატებაც“, - აღნიშნავს მერი შენგელია.
რაც შეეხება ფასებს, როგორც ახალგაზრდა დიზაინერი ამბობს, გააჩნია ნამუშევრის სირთულეს.
„ძალიან ვცდილობ ჩემი პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. თუმცა თითოეული ფეხსაცმლის მოხატვას და დამუშავებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ფასები, კონკრეტულად ფეხსაცმლის შემთხვევაში, 100 ლარიდან 150-მდე მერყეობს. ბავშვის ზომები კი 50-დან 80 ლარამდე ღირს. როცა ამ კოლექციაზე დავიწყე მუშაობა, პირველ ეტაპზე უფრო მოტივირებული ვიყავი და დაინტერესებაც დიდი იყო. შემდეგ ცოტა პასიური მომენტი მქონდა. მაგრამ მოთხოვნა მაინც მუდმივად არის“, - ამბობს ახალგაზრდა დიზაინერი.
MERRY C-ის ბრენდის შეძენა მომხმარებლებს ამ ეტაპზე ონლაინ მაღაზიის მეშვეობით შეუძლიათ. თუმცა, ახლო მომავალში მერი შენგელია საკუთარი მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.
„ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. მოდის ინდუსტრიაში ნაკლები ინვესტიცია იდება და ახალგაზრდა დიზაინერებს ხშირად უჭირთ სახსრების მოძიება. ძალიან კარგია, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში სტარტაპ პროგრამები გააქტიურდა. ცოტა ხნის წინ „თი ბი სი ბანკის“ პროექტში ჩავერთე და სტარტაპ სესხით სარგებლობასაც ვაპირებ. მსგავსი ტიპის მხარდაჭერა, ჩვენნაირი სტარტაპერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ახალგაზრდა დიზაინერი.
ქრისტინე გამთენაძე
#სტარტაპერი #გვეამაყები
ფოტოები: ADvan/ედვენი