ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, 250 მლნ ევროს დაფინანსებას გამოყოფს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო იუწყება.
შესაბამისი ფინანსური კონტრაქტის ხელმოწერის დადასტურების წერილს დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა მოაწერეს ხელი.
სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ფინანსური ხელშეკრულებით საქართველოსათვის გამოყოფილი იქნა 250 მლნ ევრო საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 253 კმ-ის ძირითადი და მეორადი გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ მისი განხორციელება შესაძლებლობას მოგვცემს, შემცირდეს მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო, აგრეთვე გაზრდის სატრანსპორტო უსაფრთხოებას, ვაჭრობას, ტურიზმსა და საერთაშორისო მიმოსვლას.
პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.