რუსული ტაქსოკომპანია „იანდექსმა“ და ამერიკულმა „უბერმა“ შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთსა და ხუთ მეზობელ ქვეყანაში თავიანთი ბიზნესების შერწყმის თაობაზე.
"როიტერის" ინფორმაციით, ერთობლივ განცხადებაში „იანდექსმა“ და „უბერმა“ განაცხადეს, რომ ისინი რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში და ყაზახეთში ახალ კომპანიას ქმნიან, რომელიც 127 ქალაქში იმოქმედებს. გარიგება მხარეებს შორის მეოთხე კვარტლის ბოლოს გაფორმდება.
ორი კომპანიის ბიზნესი კომპანია NewCo-თი იქნება წარმოდგენილი. ახალი კომპანიაში ასევე გაერთიანდება "უბერის" საჭმლის მიტანის სერვისი UberEATS, რომელიც ყველა ზემოთჩამოთვლილ ქვეყანაზე გავრცელდება. კომპანიის 59,3% "იანდექსის" კუთვნილება იქნება, 36,6% - "უბერის", ხოლო 4,1% - კომპანიის თანამშრომლების.
სან-ფრანცისკოში მდებარე „უბერი“ 225 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს, ხოლო რუსული კომპანია „იანდექსი“ კი 100 მილიონი აშშ დოლარის.
"უბერთან" ბიზნესის შერწყმის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ "იანდექსის" აქციების ფასი 17%-ით გაიზარდა.