ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკი 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შეივსება.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს არის პირველი პროექტი კავკასიაში ელექტრო ავტობუსების შეძენის კუთხით. ახალი ავტობუსები სპეციალურად შერჩეული მიმართულებით აეროპორტი-ქალაქის ცენტრი/რკინიგზის სადგურის მარშრუტით იმოძრავებენ.
აღნიშნული პროექტის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველმა დირექტორმა, ფრანსის მალიჟმა ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს.
გარდა ამისა, გაფორმდა პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება ბათუმის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის, რომელსაც ხელი მოაწერა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერმაკოვმა.
აღნიშნული პროექტი განხორციელდება EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით 5.5 მლნ ევროს ოდენობით და E5P-ის (აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდი) ფინანსური მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც გამოიყოფა გრანტის სახით: 1.5 მილიონი ევრო. აღნიშნული თანხა განკუთვნილია მხოლოდ ელექტრო ავტობუსებისათვის. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას სესხის თანხა გადაეცემა სესხის სახით, ხოლო გრანტის თანხა - უსასყიდლოდ.