საქართველოსთვის მთავარია ენერგომომწოდებლებს შორის ბალანსი ჰქონდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩმა განაცხადა.
„რუსეთი და „გაზპრომი“ გაზის მთავარი მიმწოდებლები არიან. ევროკავშირის სტრატეგიაა მოახდინოს მომწოდებლების წყაროების დივერსიფიცირება, რაც ბაზარზე კარგ კონკურენტუნარიანობას შექმნის და ჩვენ სტაბილური მომწოდებლები გვეყოლება. საქართველოს მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია. ვიცი, არის გეგმები თურქეთიდან გაზის შემოტანაზე. „გაზპრომიც“ ტრადიციული მომწოდებელია. საქართველოსთვის მთავარია მომწოდებლებს შორის ბალანსი ჰქონდეს“, - განაცხადა შევჩოვიჩმა.
მისივე თქმით, შთამბეჭდავია ის რეფორმები, რომელიც საქართველომ ენერგეტიკის სფეროში განახორციელა.
„საქართველო ევროკავშირისთვის სტრატეგიული პარტნიორია საქართველოს სატრანზიტო როლის გათვალისწინებით. საქართველოს ასევე გააჩნია ენერგიის განახლებადი წყაროების პოტენციალი. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე შთამბეჭდავი პროექტი ჰესების სფეროში“, - დასძინა ევროკომისარმა.