სახელმწიფო ქონების გაყიდვა და დროებით სარგებლობაში გადაცემა გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება.
რა შემთხვევებია ეს და როგორ ხდება სახელმწიფო ქონების განკარგვა? - ამის თაობაზე ადვოკატ ირაკლი უტიაშვილს ვესაუბრეთ:
- სახელმწიფოს კუთვნილი ქონების საკუთრებაში, ან დროებით სარგებლობაში გადაცემის წესებს „სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი“ განსაზღვრავს. გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო ქვეყნის მთავრობა წყვეტს, ვის შეიძლება გადაეცეს ქონება უსასყიდლოდ, კონკურსის, ან აუქციონის გარეშე. სახელმწიფო ქონების შეძენის მსურველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან. მეც მყავდა რამდენიმე კლიენტი, რომელსაც სახელმწიფო ქონების შეძენა სურდა, მაგრამ უარი მიიღო.
- რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო ქონების შეძენის მსურველი?
- სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღები მთელ რიგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაც კანონით არის განსაზღვრული. სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან პირთა გაერთიანება, აგრეთვე - არასამეწარმეო იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია. რაც შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გასხვისებას, ამ შემთხვევაში კიდევ სხვა კრიტერიუმები მოქმედებს.
- დავუშვათ, კერძო პირს სურს შეიძინოს შენობა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, როგორ უნდა მოიქცეს ის?
- უძრავი ქონების განკარგვის წესებსაც კანონი განსაზღვრავს: ეს შეიძლება იყოს პირდაპირი მიყიდვა, ან აუქციონის წესით განკარგვა. პირმა ორივე შემთხვევაში უნდა მიმართოს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მიუთითოს, რა სახის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ინვესტიციის განხორციელება სერიოზული პირობაა, რომ საქართველოს მოქალაქეს უძრავი ქონება გადაეცეს. თუ ადამიანს სურს ეს ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცენ და არა აუქციონით, ამ შემთხვევაშიც, გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებს. თუმცა, უძრავი ქონების აუქციონის წესით შეძენა ჩვენთანაც საკმაოდ გავრცელებული გზაა.
- რა მოხდება, თუ კერძო პირი, ან კომპანია შეიძენს სახელმწიფო ქონებას და არანაირ ინვესტიციას არ განახორციელებს?
- თუ ადამიანი პირობებს დაარღვევს და არაფერს გააკეთებს, სახელმწიფოს შეუძლია გაცემული ქონება უკან დაიბრუნოს. გარდა შესყიდვისა, მიღებული ფორმაა სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა. გადაცემა ხდება როგორც პირდაპირი ფორმით, ასევე იჯარით. იჯარა უნდა იყოს არაუმეტეს 49 წლისა. სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემა დაშვებულია როგორც კერძო პირებზე, ასევე კომპანიებზეც.
- ბატონო ირაკლი, საქართველოში ყოფილა შემთხვევები, როცა სახელმწიფოს კუთვნილი ქონება სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გასხვისებულა. მსგავსი გამონაკლისები რით აიხსნება?
- კანონში ჩადებულია მუხლი, რომელიც ამ საკითხს ეხება: სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. კერძოდ, სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ შეიძლება გადაეცეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ანუ დევნილებს, ასევე - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას. როგორც ვიცი, უსასყიდლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემა ამ ეტაპზე შეჩერებულია, მაგრამ არსებობს ერთი გამონაკლისი: საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ამ პროგრამის მიზანია მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობა, ახალი საწარმოების შექმნა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა... სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს უძრავი ქონების გადაცემას, ოღონდ, მეწარმეს ის გადაეცემა გარკვეული საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ. ამ პროგრამის ფარგლებში შეიძლება ადამიანს გადაეცეს ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარადაც კი, მაგრამ გარკვეული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში. სხვაგვარად ქონების უსასყიდლოდ, ან სიმბოლურ ფასად გადაცემა საქართველოში უკვე აღარ ხდება.
ხათუნა ჩიგოგიძე